საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ კახეთს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი სოფელ ბაკურციხეში დავით სარაჯიშვილის რესტავრირებულ სახლ-მუზეუმს დაათვალიერებს და ახლადაშენებული სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელიც 14:00 საათზე გაიმართება.
„გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ცნობილი მეცენატისა და ქართული კონიაკის ფუძემდებლის, დავით სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმის კომპლექსს- სასტუმრო–მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ-მაცივარს ჩაუტარდა სათანადო აღდგენითი სამუშაოები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ შეასრულა . სახლ-მუზეუმის კომპლექსში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდა 150-მდე ადამიანი, უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.
გიორგი კვირიკაშვილი კახეთს ეწვევა
2016/11/12 19:31:26
კომენტარები
ნანახია: 1428 ჯერ