“კორონავირუსის ახალი ვარიანტი “ომიკრონი” იმდენად დიდ შეშფოთებას იწვევს, რომ ჯანდაცვის სისტემამ აქამდე არსებული წესების ცვლილებები დაიწყო. ოფიციალურად შემცირდა მესამე, ბუსტერ დოზით ვაქცინაციის ვადა, რასაც სპეციალისტები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უმართავი სიტუაციის თავიდან არიდების შიშით არის გამოწვეული. სპეციალისტები ახალი შტამის “ომიკრონთან” გასამკლავებლად ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთებას უწევენ რეკომენდაციას. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ბუსტერ დოზის გაკეთების ვადებში ცვლილების შეტანა იგეგმებოდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბუსტერის ვადები ოფიციალურად შეიცვალა – “ომიკრონის” გამო ვითარება შეიძლება უმართავი გახდეს.
“თუ აქამდე “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინების შემთხვევაში ბუსტერ დოზის გაკეთება შესაძლებელი იყო მეორე აცრიდან 5 თვეში, ხოლო “სინოფარმითა” და “სინოვაკით” ვაქცინაციის დროს მეორე დოზიდან 3 თვეში, ახლა საბჭოს რეკომენდაციაა, ნებისმიერი ვაქცინისთვის ბუსტერ დოზის ჩატარება მესამე თვიდან. “ბუსტერ დოზების დამცველობით ეფექტზე ბოლო დროს დიდი აქცენტი კეთდება გამომდინარე იქიდან, რომ ომიკრონის შტამის გავრცელებასთან ერთად აშკარად იკვეთება ბუსტერ დოზების გაკეთების აუცილებლობა”, – განაცხადა გაბუნიამ. კვირას კი მოქმედმა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას ბუსტერის ვადის შეცვლის შესახებ და უკვე ორშაბათიდან უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ ახალი ვადის შესაბამისად მესამე აცრის გაკეთება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველოში ბუსტერ დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბერს დაიწყო და 26 დეკემბრის მონაცემებით, მესამე აცრა 63 424 ადამიანს აქვს გაკეთებული. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ბუსტერ დოზა ვაქცინაციის პრაქტიკაში ახალი არ არი და მას ყოველთვის იყენებდნენ, როცა ვაქცინა ვერ უზრუნველყოფდა სრული იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. “ბუსტერ დოზა “ბე” ჰეპატიტისა და სხვა მრავალი ვირუსის წინააღმდეგ გამოიყენება, განსაკუთრებით კი რისკ ჯგუფებში, რადგან ძალიან ხშირად ორი დოზა ვაქცინა ვერ ახერხებს ვირუსთან გამკლავებას”, – ამბობს ხმალაძე, რომლის განმარტებით, “ბუსტერის შექმნის იდეაც ეს იყო, რომ მიხმარებოდა მანამდე გაკეთებულ ორ დოზას და მაქსიმალურად შეესუსტებინა ვირუსი”, – დასძენს გამოცემა.
“ომიკრონთან” დაკავშირებით ჯერ დანამდვილებით არ ვიცით რამდენი პროცენტით უზრუნველყოფს ბუსტერი ამას, მაგრამ აქამდე, ჩემი დაკვირვებით, იგი სერიოზულად ებრძვის ამ ვარიანტსაც, იცავს ადამიანს გადადებისგან და თუ ინფიცირდება, იოლად გადააქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ 2 შემთვევით დაიწყო ახალი შტამი და უკვე რამდენიმე ათეულია. აქედან გამომდინარე უნდა მივხვდეთ, რამდენად რთულ ვარიანტთან გვაქვს საქმე – სანამ თავზე ხელი დავიდეთ და მოვიფხანეთ, უკვე მასობრივი გახდა. ჩვენმა ჯანდაცვამ სწორედ მაგიტომ მიიღო ასე სწრაფად ბუსტერის ვადების შემცირების გადაწყვეტილება, რადგან ეშინიათ გავრცელების, რომელიც შესაძლოა უმართავი გახდეს მაღალი ინფიცირების მაჩვენებლის გამო”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.