ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც აკავშირებს საქართველოს ევროპასთან, ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ხელს შეუწყობს ვაჭრობას.
„ძალიან დიდი პატივი მაქვს, ვიმყოფებოდე ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. აქ 2020 წელს ვიყავი, როდესაც მშენებლობა მიმდინარეობდა და ძალიან მახარებს, რომ დღეს საბოლოო შედეგს ვხედავ.
ძალიან მიხარია, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები აქ ყოფილიყვნენ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან. ეს 50 მილიონიანი ინვესტიცია განვითარების დაფინანსების კორპორაციიდან არის უმსხვილესი პროექტი ერთი პროექტის დაფინანსების სახით. ეს ცხადყოფს, რამდენად დიდია ვალდებულება, რომელიც აშშ-მ იკისრა საქართველოს კეთილდღეობისა და ქართველი ხალხის წინაშე. ინფრასტრუქტურული პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში. ეს პორტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, პორტი საოპერაციო მიმართულებით, მართვის მიმართულებით ქმნის ახალ შესაძლებლობებს, ეს არის ახალი უნარების შემქმნელი ინფრასტრუქტურა, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელ რეგიონს. საზღვაო პორტი, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაზე მეტია. ეს ტერმინალი არის უფრო დიდი ამბიციის ნაწილი და საქართველო როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ხელს შეუწყობს ვაჭრობას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, ეს პროექტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, ძალიან სწრაფად მიაწოდოს ტვირთები და დააკავშიროს სხვადასხვა მხარე საქართველოში ამ ინვესტიციით.
„გლობალური მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ჩვენ ყველა კარგად ვაანალიზებთ იმას, საიდან მოვდივართ და როგორ ვუკავშირდებით გარესამყაროს. ეს პროექტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, ძალიან სწრაფად მიაწოდოს ტვირთები და დააკავშიროს სხვადასხვა მხარე საქართველოში ამ ინვესტიციით.
ჩვენ ვხვდებით ახალ სანდო პარტნიორს ამ პორტის სახით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პოტენციალის განვითარებისთვის, რეგიონული დაკავშირებადობის კუთხით, როდესაც მსოფლიო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ალტერნატიულ გზებს ეძებს მიწოდების ჯაჭვში.
ამას გარდა, ზღვის პორტი არის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ელემენტი. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, დავეხმაროთ პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას.
ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც აკავშირებს საქართველოს ევროპასთან. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.ველოდები, რომ გაიზრდება ვაჭრობა, ტვირთბრუნვა და ეს ტერმინალი ძალიან დიდი სარგებელს მოუტანს საქართველოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
