მაშველებმა რამდენიმე საათის წინ გარდაცვლილი ამოიყვანეს მაროკოში, 32 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი 4 წლის ბიჭი. მაშველები მის გადარჩენას 5 დღის განმავლობაში ცდილობდნენ.
ბავშვი ოთხი დღის წინ წყლის ჭაბურღილის ვიწრო ღიობიდან ჩავარდა ჭაში. ხუთშაბათს, ჭაში ჩაშვებულმა კამერამ აჩვენა, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
მაშველებმა ჭაში ჩაუშვეს ჟანგბადის ნიღაბი, საკვები და წყალი, თუმცა, გაურკვეველი დარჩა, მოახერხა თუ არა ბავშვმა მათი მიღება. სამაშველო სამუშაოებს მეწყრის საშიშროებაც აფერხებდა.
ბიჭის სამაშველო ოპერაციას ხუთი დღის განმავლობაში ადგილზე ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა დარგის ცნობილი ადამიანები.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფეისბუკზე წერს: „დღეს მინდა ვუთხრა რაიანის მშობლებსა და მაროკოელ ხალხს, რომ ჩვენ ვიზიარებთ მათ ტკივილს“.
შემთხვევის დროს 5 წლის რაიანის მამა ჭას არემონტებდა. როგორც მან ადგილობრივ მედიას უთხრა, ბავშვი მაშინ ჩავარდა ჭაში, როდესაც მას „ერთი წუთით თვალი მოაცილა“.