აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთ-უკრაინის კრიზისის შესახებ აშშ-ის განცხადებები დაიცვა და აღნიშნა, რომ ეს არა განგაში, არამედ ფაქტების კონსტატირებაა.
„ფაქტებთან უნდა გვქონდეს საქმე. ფაქტებთან უნდა გვქონდეს საქმე ისტორიის კონტექსტში, რათა დავრწმუნდეთ, რომ სრულად მომზადებულნი ვართ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გასწვრივ ჯარების დაგროვება ვაკუუმში არ ხდება.
„ეს ხდება იმ კონტექსტში, რაც რუსეთმა უკვე გააკეთა 2014 წელს უკრაინაში შეჭრისას, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში კონფლიქტი შექმნა, რომელიც დღემდე გრძელდება“, – განაცხადა მან.
ენტონი ბლინკენმა კვლავ აღნიშნა, რომ აშშ არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„თუმცა, მან შექმნა შესაძლებლობები, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იმოქმედოს ძალიან სწრაფად უკრაინის წინააღმდეგ და ისეთი გზებით, რომელსაც საშინელი შედეგები ექნება უკრაინისთვის, რუსეთისთვის, მაგრამ ასევე ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ეს ქმედებები, ეს აგრესია ძირს გამოუთხრის იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც რთულად დამკვიდრდა მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.