32 წლის სალაქ აბდესლამი, რომელიც 2015 წელს, პარიზში მომხდარი ტერაქტის საქმეზეა დაკავებული, აცხადებს, რომ არავინ მოუკლავს, – ამის შესახებ BBC წერს.
სასამართლოს წინაშე წარდგომისას, მან კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ, თუმცა, ვინმეს მკვლელობა კატეგორიულად უარყო.
„არავინ მომიკლავს და არავინ დამიშავებია, თმის ღერიც არავის ჩამოვარდნია ჩემ გამო“, – თქვა მან სასამართლოში, ჯვარედინი დაკითხვის დროს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, სიცრუეა, რომ მან ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება გადაიფიქრა და რეალური მიზეზი ის იყო, რომ მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა.
აბდესლამის თქმით, თავდასხმების მიზანი სირიასა და ერაყში, საფრანგეთის სამხედრო ჩართულობის დასრულება იყო. მისივე განცხადებით, „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება თავდასხმების სერიამდე 48 საათით ადრე შეჰფიცა, თუმცა, განმარტა, რომ ამას ოფიციალური სახე არ ჰქონია. „ერთგულების აღთქმა დავდე ერთგულების აღთქმის გარეშე“, – თქვა მან.
პარიზში, 2015 წელს მომხდარ თავდასხმებს 130 ადამიანი ემსხვერპლა. საქმეზე 20 ადამიანს ასამართლებენ, მათგან ექვსს – დაუსწრებლად.