სამხედროები მთელი ცხოვრება უნდა ემზადონ, რომ თუ ქვეყანას დასჭირდება, მას პროფესიონალურად ემსახურონ, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ გადაცემა 2030-ში.
„არ შეიძლება, ეს მხოლოდ ერთი უწყების ამოცანად განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ფლაგმანი თავდაცვის სამინისტრო უნდა იყოს, მაგრამ ურთიერთქმედება საზოგადოების ყველა ნაწილში უნდა არსებობდეს, რადგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ჩვენი სახელმწიფოებრივი ვალდებულება და პოზიციაა“, – განაცხადა კობალაძემ.
კობა კობალაძემ შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ ჩაჩიბაია მზარდი და განვითარებული ოფიცერია.
„ჩვენ ორიენტირებული ვართ, ნებისმიერი ახალი საკადრო გადაწყვეტილება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ადეკვატური იყოს. დინამიკას თვალი რომ გადავავლოთ, ვლადიმერ ჩაჩიბაია საკმაოდ მზარდი და განვითარებული ოფიცერია. თავდაცვის სამინისტროს პირად შემადგენლობაში მსახური მან რიგითი პოზიციიდან დაიწყო და დღეს საერთაშორისო დონის სამხედრო სპეციალისტია. მისი წარმატება თუ წარუმატებლობა ქვეყანაზე პირდაპირპროპორციულად აისახება და მას თანადგომას ვუცხადებ ყველა იმ ინიციატივაში, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას წაადგება“, – განაცხადა კობა კობალაძემ.