პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
სამთავრობო პროგრამას – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა. სამთავრობო პროგრამა 2016-2020 წწ” პარლამენტის წევრებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი აცნობს. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ კონსოლიდაციით მივიღებთ პარლამენტის მანდატს და ყველანი მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ ეს ძალიან დიდი ნდობა და უდიდესი პასუხისმგებლობა გავამართლოთ. მინდა მივმართო მათაც, ვინც განსხვავებული არჩევანი გააკეთა და ვთქვა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს თითოეული მოქალაქის გადაწყვეტილებას, მათ პოლიტიკურ გემოვნებას და გამოვთქვამთ რწმენას, რომ ჩვენ როგორც ამ ქვეყნის შვილები, რომელთაც გვაერთიანებს ერთი ამოცანა – საქართველოს წინსვლა – პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით შევძლებთ, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე შევქმნათ ერთად. ამისთვის თითოეული მოქალაქის კონსოლიდაცია და მთელი საზოგადოების გაერთიანება იქნება საჭირო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თავის მიმართვაში.