„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კლანური გავლენისთვის ბრძოლა გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა გიგა ბოკერიასა და სააკაშვილის ე.წ. ფლანგებს შორის.
როგორც “მარშალპრესს” პარტიის წევრებთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, გიგა ბოკერია ლიდერობისთვის იბრძვის და მიხეილ სააკაშვილისთვის პარტიის ჩამოსართმევად ძალ-ღონეს არ იშურებს. ამისთვის კი რეგიონულ აქტივთან ინტენსიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს და მათ გადმობირებას ცდილობს. როგორც წყარო აცხადებს, ბოკერიას ფრთის წარმომადგენლები – აკაკი ბობოხიძე და მიხეილ მაჭავარიანი გიგა ბოკერიას დავალებით, საქართველოს ყველა რეგიონში ჩადიან, ხვდებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს და კოორდინატორებს და პარტიული ყრილობისთვის გიგა ბოკერიას კლანის მხარდასაჭერად ამზადებენ.
ბობოხიძე და მაჭავარიანი რეგიონებში, შეხვედრაზე მისულ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ეუბნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსულს ჩაბარდა და რეალურად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთადერთი ლიდერი გიგა ბოკერიაა.
ბოკერიას წარგზავნილი ენმ-ს ლიდერები, პარტიულ აქტივისტებს ურჩევენ ერთგულება გამოხატონ მათი ახალი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიმართ და დაეხმარონ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კლანური დაპირისპირების თემა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი არ არის. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილიც ანალოგიური მეთოდებით ცდილობს მისი მეტოქის, გიგა ბოკერიას ჩამოშორებას. სწორედ ამას ადასტურებენ უკრაინულ და ქართულ მედია საშუალებებში გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილისა და აკაკი მინაშვილის შეხვედრისა და იმ გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა უნდა ჩაიშალოს.
წყარო: marshalpress.ge
გიგა ბოკერიას დავალებით, აკაკი ბობოხიძე და მიხეილ მაჭავარიანი რეგიონებში სააკაშვილის მხარდამჭერებს იბირებენ
2016/11/26 17:36:46
კომენტარები
ნანახია: 3095 ჯერ