ყველა ჩვენგანი, ვინც ეს უდიდესი ტვირთი იტვირთა, უნდა აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის, სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს, რადგან ჩვენ უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენს უკან ყველა გზა ჩახერგილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატებს და მინისტრებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, საკუთარ თავზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა, მერე სხვამ არ თქვას და დითირამბებში არ ჩაითვალოს. არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, გავდივარ ხოლმე სუფრიდან, როდესაც ასეთი რამ ხდება. არასოდეს თათბირის დროს არ ვჯდები მაგიდის თავში, ყოველთვის შუაში ვზივარ და არასოდეს არც ერთ ორგანიზაციაში, სადაც მიმუშავია, არ მიმართავს ორგანიზაცია შიდა დაპირისპირებების და ინტრიგების მეშვეობით. ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ სრულიად ახალი სტილით იმ გამოწვევას ვუპასუხოთ, რომელიც დღეს გვაქვს და ამიტომ ვახსენებ ამას. რატომ ვახსენებ ამას ზუსტად დღეს და რატომ გესაუბრებით თქვენ, ოპონენტებს, ამასაც კონკრეტული მიზანი აქვს. ის, რასაც თქვენ გუშინ უწოდეთ პოლიტიკური უტიფრობა, მინდა ერთი მარტივი სიტყვა ვუწოდო, ეს არის, მეგობრებო ქედმაღლობა. ამიტომ არ აგირჩიათ ქართველმა ხალხმა, ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის უმცირესობაში. ამას სჭირდება გაანალიზება, გაცნობიერება, სწორედ ამას დაუჭირა ქართველმა ხალხმა მხარი, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, საკუთარ შეცდომებზე ისაუბროს და მე დღეს ამის მაგალითი მოგეცით თქვენ, რომელსაც შესწევს უნარი ოპონენტების წარმატებაზე ისაუბროს, ამის მაგალითიც მოგეცით დღეს. ვერც ერთი მსგავსი საპასუხო მაგალითი ვერ მოვისმინე სამწუხაროდ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი რეალობის ძრავი ჩართულია და ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს. ამ ახალ რეალობაში იმ გამოწვევებს, რომელსაც ეს რელობა კარნახობს, პასუხობს ის ძალა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, მოგწონთ ეს, თუ არ მოგწონთ.
„წარმატებები, რომლებიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას გვჭირდება, ეს არის გამარჯვებები, ხვალინდელი დღის იმედი. იმედი ამოძრავებს სწორედ ეკონომიკასაც, სხვათა შორის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ზედმეტად ნეგატიურად არ დავხატოთ ის რეალობა, რომელიც არის იმისათვის, რომ მეტი ქულა დავიწეროთ პოლიტიკურად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს მიმართა.
“დღეს თქვენ გეძლევათ ისტორიული შანსი, ჩადგეთ იმ ადამიანების რიგებში, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს. ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ, განვეწყოთ დიდი ბრძოლისთვის. ბრძოლაში მე შრომას ვგულისხმობ, რადგან ყველა ჩვენგანი, ვინც ეს უდიდესი ტვირთი იტვირთა თავის თავზე, უნდა აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის, სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს, რადგან ჩვენ უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენს უკან ყველა გზა ჩახერგილია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.