“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინეთში პირველად ჩავიდა. კოლეგა ვანგ ისთან შეხვედრის წინ მის ქვეყანას მიესალმა, როგორც “ახალი მსოფლიო წესრიგის” ნაწილს – ანალიტიკოსთა აზრით, ლავროვის ვიზიტისა და განცხადების მიზანი ისაა, რომ რაღაცნაირად მეტი სოლიდარობა და დახმარება მიიღოს, რადგან დღეს ეს რუსეთს სასიცოცხლოდ სჭირდება, რომ გამოვიდეს, როგორც საერთაშორისო იზოლაციიდან, ისე ეკონომიკური კრიზისიდან. “ჩვენ, თქვენთან და ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად, მრავალპოლარული, სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისკენ მივიწევთ”, – განაცხადა შეხვედრის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში სერგეი ლავროვმა. როგორც “გარდიანი” წერს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთში პირველი ვიზიტისას ლავროვმა განაცხადა, რომ მსოფლიო “საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში, ძალიან სერიოზულ ეტაპს განიცდის”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ჩავიდა ლავროვი ჩინეთში – “პეკინი ფეხს ითრევს რუსეთის გვერდში იყოს”.
“მედიისვე ინფორმაციით, ჩინეთის მხარეს ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა, მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი და პეკინი გააგრძელებენ ძალისხმევას, “გლობალური მრავალპოლარულობის წინსვლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციისთვის”. “მშვიდობისკენ ჩვენს სწრაფვას საზღვარი არ აქვს, უსაფრთხოების დაცვას საზღვარი არ აქვს, ჰეგემონიის მიმართ ჩვენს წინააღმდეგობას საზღვარი არ აქვს”, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა. როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, სერგეი ლავროვის ჩინეთში ჩასვლა ნიშნავს, რომ პეკინი ფეხს ითრევს რუსეთის გვერდში იყოს, მისი თქმით, ჩინეთს ახლა დაბეჩავებული რუსეთი აწყობს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სიტყვა – “მრავალპოლარულს” რუსები დიდი ხანია არ იყენებდნენ. პირველად ეს სიტყვა პუტინმა 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე გამოიყენა. მაშინ მან თქვა, რომ ერთპოლარული სამყარო უნდა დასრულდეს, სადაც ამერიკას გულისხმობდა და თქვა კიდევაც. უნდა იყოს არა ორპოლუსიანი აშშ-რუსეთი, არამედ მრავალპოლარულიო. რუსეთმა მაშინ კი მრავალპოლარული ახსენა, მაგრამ, რეალურად ორპოლუსიანობისკან მიისწრაფვოდა, ოღონდ ამას პირდაპირ ვერ ამბობდა. ახლა უკრაინაში გაუჭირდა, ჩაეფლო და ხვდება, რომ მრავალპოლარულშიც კი შესაძლოა რუსეთი აღარ არსებობდეს. ლავროვის ჩინეთში ჩასვლა ნიშნავს, რომ პეკინი ფეხს ითრევს რუსეთის გვერდში იყოს. მოსკოვი თვითონ ჩადის, რათა დაფიქსირდეს, რომ თითქოს ერთად არიან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩინეთი ძალიან მდიდარია, მსოფლიოს პირველი ეკონომიკაა, რუსეთის ეკონომიკა იმდენად დაბალი დონისაა, რომ მას ბევრად ჩამოუვარდება. ამ ფონზე ჩინეთს წაგებული და დაქცეული რუსეთის გვერდში ყოფნა არ აწყობს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ჩინეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ რუსეთისგან დისტანცირებული იყოს, არც დაეხმაროს და არც წინააღმდეგ წავიდეს. ასევე, ექცევა უკრაინასაც. ძალიან გამოკვეთილი ნეიტრალური პოზიცია აქვს, რუსეთის დაქცეულ ეკონომიკას მსოფლიო ისედაც აქცევს, ჩინეთს კი არაფერში არ სჭირდება ახლა აშშ-სგან და სხვებისგან სანქციები მიიღოს. ჩინეთს რუსეთი სულ არ ადარდებს და თავის პოლიტიკას განაგრძობს. თუ ვინმე ამ ომიდან ცალსახად იგებს, ესაა ჩინეთი და თურქეთი და რუსეთს გეოპოლიტიურ საფლავში რატომ უნდა ჩაჰყვეს. მაშინ როცა რუსეთს ასე უჭირს და უკრაინაში პრობლემები აქვს, უცებ ლავროვი პოულობს დროს, რომ ჩინეთში ჩავიდეს, ეს ძალიან საინტერესო ილუსტრაციაა იმისა თუ, რამდენად უჭირს რუსეთს. სხვა გზა არ აქვს, ჩინეთს უნდა ეახლოს და დახმარება სთხოვოს. ჩინეთი აღმოსავლურად გაუღიმებს, რაღაცებს შეჰპირდება, მაგრამ არაფერს არ გააკეთებს, რასაც რუსეთი ელოდება. რუსეთს კი სხვა გზა არ დარჩენია. რომ არ ჩასულიყო, შესაძლოა კიდვ უარესი სიტუაცია ყოფილიყო. მას სიტუაციის გადარჩენა უფრო უნდა, რომ არ გაუარესდეს, ვიდრე სიტუაციის გამოსწორება”, – განმარტავს რესპონდენტი.
“ჩინეთს დაბეჩავებული რუსეთი აწყობს, რადგან ნავთობს და გაზს უფრო იაფად იყიდის და ციმბირს უფრო იოლად აითვისებს, რაც ხდება, ყველაფერი ჩინეთს აწყობს. ლავროვს კარგად მიიღებს, კარგად ასმევენ, აჭმევენ და უკან გამოისტუმრებენ”, – ამბობს ზაქარეიშვილი. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსეთს ახლა ომისა და სანქციების გამო, საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლა უნდა და გზებს ეძებს. “სანქციებისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ის საერთაშორისო იზოლაციაშია და უკვე ჩანს, რომ უახლოეს ხანში გარკვეულ შედეგებს გამოიღებს. ამიტომ, მას ამ იზოლაციიდან რაღაცნაირად გამოსვლა სჭირდება”, – თვლის კაკაჩია, რომლის აზრით, “სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ მისი სტრატეგიული მოკავშირე ჩინეთი მას როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით დაეხმარება”, – დასძენს გამოცემა.
“ასევე, ამ განცხადების აზრი ისაა, რომ ორივე სახელწიფო რევიზიონისტურია და რომ არსებული საერთაშორისო წესრიგი მათთვის მიუღებელია. რაც მთავარია, წესებზე დამყარებული საერთაშორისოს სისტემა მათთვის მიუღებელია. მათ ეს ორი რამ აერთიანებთ. ისინი ავტორიტარული სახელმწიფოები არიან და ბუნებრივია, ცდილობენ, რომ დასავლეთისა და დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ითანამშრომლონ. ცდილობენ არსებული საერთაშორისო წესრიგი შეცვალონ და ამას უფრო მულტიპოლარულობის საბაბით ასაღებენ. მიაჩნიათ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში რამდენიმე აქტორია და ერთ-ერთი მიზიდულობის ძალა თვითონ არიან. ამ განცხადების მიზანი ისაა, რომ რუსეთმა ჩინეთისგან რაღაცნაირად მეტი სოლიდარობა და მეტი დახმარება მიიღოს, რადგან დღეს მას სასიცოცხლოდ სჭირდება გამოვიდეს, როგორც საერთაშორისო იზოლაციიდან, ისე ეკონომიკური წნეხიდან, რომელშიც ის ომის შედეგად აღმოჩნდა”, – დაასკვნის კაკაჩია.