ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს და ხვალ განვიხილავთ უკრაინაში სასტიკ ომს. მსოფლიომ იხილა სისასტიკე, რომელიც ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში იქნა ჩადენილი. ეს პრეზიდენტ პუტინის ომის რეალურ ბუნებას ავლენს. მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნედ ამოღება და მკვლელობა სამხედრო დანაშაულია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ საერთაშორისო ძალისხმევას გამოძიებისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.
„ჩვენ ახლა ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ. ვხედავთ, რომ რუსეთს გაჰყავს ძალები ჩრდილოეთიდან, რომ გააძლიეროს ისინი, თავიდან აღჭურვოს, მოამარაგოს, შეაიარაღოს და შემდეგ აღმოსავლეთით გაუშვან, სადაც მასშტაბურ იერიშს ველით. პრეზიდენტ პუტინის მიზანია, მოიპოვოს სრული კონტროლი დონბასზე და დაამყაროს სახმელეთო კავშირი დონბასსა და რუსეთს შორის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არავის უნახავს მინიშნება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ამბიცია შეცვალა.
„ჩვენ არ გვინახავს მინიშნება, რომ პრეზიდენტმა, პუტინმა შეცვალა თავისი ამბიცია მთლიანად უკრაინის გაკონტროლებასთან ან საერთაშორისო წესრიგის გადაწერასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გაჭიანურებისთვის. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, გავაგრძელოთ ჩვენი სანქციები, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და შეკავება, რადგან შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე მათ შეუერთდება საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ კულებასთან პირდაპირი კომუნიკაცია და შემდგომი ნაბიჯების ერთობლივად განხილვა მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ასევე შემოგვიერთდებიან სხვა პარტნიორები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. ასევე, ჩვენი პარტნიორები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია და კორეა. ესენი, ყველა ძალიან ღირებული პარტნიორები არიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, სტრატეგიულ კონცეფციაში განიხილავენ რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგებს გლობალური ბალანსის ცვლილებაზე, უსაფრთხოების შედეგებს უფრო ძლიერ ჩინეთთან მიმართებაში და იმ გამოწვევებს, რომლებსაც რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად ქმნიან.
„დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც ეხება უსაფრთხოების ახალ რეალობას, რომლის წინაშეც ვართ. სტრატეგიული კონცეფცია იქნება გზამკვლევი ნატო-სთვის, როგორ ვიმოქმედოთ უფრო სახიფათო მსოფლიოსთან და როგორ უზრუნველყოთ, დავიცვათ ნატო-ს ყველა მოკავშირე. ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, ჩვენ ასევე დავიწყებთ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ კიბერ-ჰიბრიდულ ტერორიზმს, ასევე კლიმატური ცვლილებების უსაფრთხოების შედეგები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.