“კვირაზე მეტი ხნის შედარებით სიმშვიდის შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთში ახალი სისხლისმღვრელი ბრძოლებისთვის ემზადებიან. რუსების ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყების თარიღად 13-14 აპრილი სახელდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იქნება გარდამტეხი ბრძოლა, რომელიც, სავარაუდოდ, ომის ბედს გადაწყვეტს და თავისი მასშტაბით მე-2 მსოფლიო ომის დროინდელ სამხედრო დაპირისპირებებს გაუტოლდება. სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ ძალების გადაჯგუფების დასასრულებლად რუსებს კიდევ 2-3 დღე სჭირდებათ. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი სამხედროების გარდა, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში მათ 50 ათასიანი სამხედრო კონტიგენტი ჰყავთ მობილიზებული. ახალი ბრძოლებისთვის მზადებას ასრულებენ უკრაინელებიც, რომლლებიც მძლავრ თავდაცვით ხაზს ქმნიან, ქვეყანაში მობილიზაციის მესამე ტალღა გამოაცხადეს, კიევის ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან გამოთავისუფლებული ნაწილები აღმოსავლეთისკენ გადაისროლეს და დასავლეთ უკრაინაშ ახალი ოპერატიულ რეზერვს ქმნიან”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინაში გადამწყვეტი ბრძოლა იწყება – ანალიტიკოსები გენერალური შეტევის სავარაუდო თარიღსა და სცენარს ასახელებენ.
“ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ კვირაში დაწყებული ახალი საბრძოლო ოპერაცია იქნება ომის მეორე და გაცილებით სისხლისმღვრელი ფაზა, რომელიც შესაძლოა ორ თვემდე გაგრძელდეს. უკრაინის სამხრეთით ქალაქ იზიუმისკენ მიმავალი 13 კილომეტრიანი რუსული სამხედრო კოლონა, რომელიც სატელიტურ სურათებში ჩანდა და რომელიც დიდი ალბათობით პუტინს მეორე ფაზისთვის ჰყავდა გადმოსროლილი, უკრაინულმა სამხედროებმა გაანადგურეს. ამასთან, 10 აპრილის ღამეს დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონები იბომბებოდა. რუსეთის ძალებმა ჯამში უკრაინის რამდენიმე რეგიონში 66 საარტილერიო შეტევა განახორციელეს, ხარკოვის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ქალაქ დერგაჩიში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ახლა ძირითადი ბრძოლები ხარკოვსა და მარიუპოლშია. თუმცა როგორც ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რუსების მიერ ხარკოვისთვის ბრძოლა უკვე წაგებულია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 9 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში წარმატებით მოიგერიეს მოწინააღმდეგის რვა შეტევა და გაანადგურეს ოთხი ტანკი, რვა ჯავშანტექნიკა და შვიდი მანქანა, ასევე თვითმფრინავი და ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის წარმართვისთვის ახალი მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშნა. რუსული მედია წერს, რომ დვორნიკოვმა მნიშვნელოვანი საომარი გამოცდილება მოიპოვა სირიაში რუსეთის ჯარების ხელმძღვანელის რანგში. კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინული ბატალიონი “დნეპრის” შტაბი და ბაზა გაანადგურა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, შტაბი დნეპროპეტროვსკის რაიონის სოფელ ზვონეცკში მდებარეობდა. ადგილზე დარტყმა მაღალი სიზუსტის საზღვაო რაკეტებმა მიაყენეს. კონაშენკოვმა აღნიშნა, რომ უცხოელი მოხალისეები ბატალიონის ბაზაზე წინა დღეს მივიდნენ… როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში მეორე ფაზა მაქსიმუმ 15 აპრილამდე დაიწყოს, რისთვისაც ორივე მხარის დიდი მზადება შეინიშნება”, – განაგრძობს გამოცემა.
“ახლა უკვე სერიოზული ბრძოლები დაიწყება. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საკმაოდ გამოცდილი სარდალი ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშეს, რომელსაც სირიის კამპანიის და საქართველოს ომის დიდი გამოცდილება აქვს. რუსები მეორე ფაზის ოპერაციას სავარაუდოდ 13-14 აპრილიდან დაიწყებენ, რომელიც რამდენიმე ქვეფაზად დაიყოფა. რუსებს იოლი ბრძოლები არ ექნებათ და ალბათ ორ თვეს მაინც გაგრძელდება, მაგრამ მეორე ფაზისთვის საკმაოდ სერიოზულად ემზადებიან. ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების გაცილებით მეტი კონცენტრაციაა, ვიდრე ეს 24 თებერვლამდე იყო. ამ ეტაპზე კურსკისა და როსტოვის მიმართულებით 40 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფია გაერთიანებული, თითოეულ ბატალიონში 1000-1200 ადამიანია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“უკრაინელებს დონბასში საკმაოდ სერიოზული “მანერჰეიმის ხაზი”აქვთ, პლუს ხარკოვის, ნიკოლაევის და ოდესის აღება არცთუ ისე იოლია და რუსები ფიქრობენ, რომ დნეპრი აიღონ, თუ ეს მოახერხეს, შესაძლოა მერე კიევს სამხრეთიდანაც შეუტიონ. ამიტომაც ბრძოლის სიმძაფრე შესაძლოა მეორე მსოფლიო ომის დროინდელსაც შევადაროთ. ამას პლიუს შესაძლოა შეტევა ჩრდილოეთიდანაც დაიწყონ, როგორც 24 თებერვალს გააკეთეს. რა თქმა უნდა, უკრაინელები ამისთვის ემზადებიან. მობილიზაციის მესამე ტალღის ფარგლებში გაიწვიეს ყველა ის ადამიანი, ვინც სამხედრო კათედრა გაიარეს და პლიუს დასავლეთი სამხედრო ოლქში, რომლიც უკრაინის მთავარი სარეზერვო ბაზაა, სტრატეგიული რეზერვების მობილიზება ხდება. უკრაინამ დასავლეთიდანაც დამატებითი შეიარაღება მიიღო. ოდესაში ბრიტანული ბალისტიკური “ჰარპუნის” ტიპის რაკეტებია ჩამოტვირთული, რომელმაც შესაძლოა რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მოქმედებები სერიოზულად შეზღუდოს. ასევე ჩადის სხვა უფრო სერიოზული იარაღი, ვიდრე მანამდე აწვდიდნენ”, – თვლის რესპონდენტი.
“მეორე ფაზა შესაძლოა გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი და სამწუხაროდ უფრო სისხლისმღვრელიც და დროში უფრო ხანგრძლივი იყოს. ცხელი წერტილები იქნება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები. ფრონტი ალბათ ნიკოლაევი-ოდესაშიც გაიხსნება. ასევე ცხელი წერტილი იქნება ხარკოვი და დნეპრი. არაა გამორიცხული, რომ რუსებმა კიდევ დამატებით ფრონტი გახსნან და ბელარუსიდან დასავლეთ უკრაინის მიმართულებით დაარტყან. უკრაინელებმა ომის პირველ ფაზას წარმატებით გაართვეს თავი, რომელიც “საბრძოლო ფრედ” დასრულდა, მაგრამ უკრაინელების გამარჯვებით, რადგან მათ გეოსტრატეგიული კვანძების შენარჩუნება შეძლეს – ესენია კიევი, ხარკოვი და სუმი. რუსები საკმაოდ სერიოზულად შეაკავეს ნიკოლაევის და ზაპოროჟიეს მიმართულებით და ტაქტიკური ინიციატივა მოიპოვეს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების დროს, რაც პირველი ფაზის საკმაოდ სერიოზული გამარჯვებაა”, – განმარტავს ექსპერტი
“მეორე ფაზა იმაზე იქნება დამკიდებული, რა ძალით შევა რუსეთი ამ ფაზაში, ახალი მეთაური როგორი აღმოჩნდება უკვე ამ ომში. ასევე როგორ დახვდება უკრაინა და რა ტიპის მხარდაჭერა იქნება დასავლეთისგან. რუსები მეორე ფაზაში სავარაუდოდ საქართველოსთან ომის სტრატეგიას გამოიყენებენ. რუსეთმა პირველ ფაზაში სირიის მაგალითი გამოიყენა და ჩაუვარდა. საქართველოს მაგალითი ის იქნება, რომ უკრაინის შიდა ტერიტორიების ოკუპაციას შეეცდებიან, მართვის, ლოჯისტიკური და სხვა ტიპის ცენტრების განადგურებას შეეცდებიან, ასევე პირდაპირი შემტევი ოპერაცია ექნებათ, რომ უკრაინა შავი ზღვის აკვატორიიდან მოწყვიტონ. ცხრა მაისს კი პუტინი ისევ ეცდება, რომ თავის პროპაგანდით რუსი ხალხი რუსული ჯარის ე.წ. წარმატებაში დააჯეროს”, – დაასკვნის მაისაია.
“ჯიპას ასოცირებული პროფესორი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში კრიტიკული და გარდამტეხი პერიოდი დაიწყება – რუსეთმაც რეორგანიზაცია და გადაჯგუფება განახორციელა, მაგრამ უკრაინა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ეს პირველ ფაზაში იყო. “საიდუმლო არაა, რომ რუსული ძალები ჯგუფდებოდნენ. პუტინმა საბრძოლო ოპერაციის ახალი ხელმძღვანელი უკვე ოფიციალურად წარადგინა. გარდა ამისა, მან არა მხოლოდ გადაჯგუფება, არამედ სპეცსამსახურებში დიდი წმენდა განახორციელა, რადგან ის გეგმა, რომელიც რუსეთს ჰქონდა, ჩაფლავდა და სრული კრახით დასრულდა”, – თქვა ფხალაძემ, რომლის აზრით “ახლა მიდის გადაჯგუფება იმისათვის, რომ რაღაცა ტიპის წარმატებას მაინც მიაღწიონ”, – დასძენს გამოცემა.
“უახლოეს პერიოდში საკაოდ კრიტიკული პერიოდი დაიწყება, მაგრამ დღეს უკრაინა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ეს 24 თებერვალს იყო, როცა ომი დაიწყო. დღეს უკრაინას უპრეცენდენტო დახმარება აქვს და რაც მთავარია, ფსიქოლოგიური უპირატესობა მის მხარესაა. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო მხარდაჭერით, რუსეთზე ძალიან სერიოზული ზეწოლითა და იმ შემართბით, რასაც უკრაინა აჩვენებს, აუცილებლად გაიმარჯვებს. მეორე მსოფლიო ომის მერე, ევროპაში ასეთი ომი არ ყოფილა. რეალურად უკრაინაში მიდის, მაგრამ ესაა რუსეთის გამოუცხადებელი ომი მთელი ევროპისა და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ამიტომაც უკრაინას ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა აქვს. პუტინის რეჟიმისგან სისასტიკის გარდა რა თქმა უნდა არაფერს არ უნდა ელოდო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალისხმევა, რაც დღესაა და რაც მომავალში კიდევ გაიზრდება, ამ ბოროტების მანქანას აუცილებლად შეაჩერებს და ის რეჟიმი, რომელსაც დღეს სათავეში პუტინი უდგას, ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აუცილებლად აგებს. მეორე მსოფლიო ომთან თუ რამე ანალოგი შეიძლება გავავლოთ, ალბათ უპირველეს ყოვლისა ის, რომ როგორც თავის დროზე ჰიტლერის რეჟიმი გასამართლდა, ასევე უნდა გასამართლდეს პუტინის რეჟიმიც”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.