“დღემდე ნეიტრალური ფინეთი და შვედეთი ივნისის ბოლოს, სავარაუდოდ, ოფიციალურ განაცხადს გააკეთებენ ნატო-ს წევრობაზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი, უკრაინის ომის გამო შექმნილი ექსტრემალური ვითარების გათვალისწინებით, მათ განაცხადებს დაჩქარებული წესით განიხილავს და გადაწყვეტილებას უმოკლეს დროში მიიღებს. ანალიტიკოსები ამას ოფიციალური მოსკოვის სერიოზულ მარცხად აფასებენ. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ნატო-ს გაფართოების შეჩერების იყო, თუმცა რუსეთმა საპირისპირო შედეგი მიიღო”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პუტინის ახალი კოშმარი – ნეიტრალური ფინეთი და შვედეთი ნატო-ში შედიან.
“ოთხშაბათს გაირკვა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი ოფიციალური განაცხადის გაკეთებას ნატო-ს უახლოეს სამიტზე აპირებს, რომელიც 29-30 ივნისს მადრიდში გაიმართება. ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია 24 მაისს საგანგებო შეკრებას გეგმავს, სადაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება ფინეთს, ქვეყნის პრემიერმა სანა მარინმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფინეთი გადაწყვეტილება შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 9 კვირაში გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ორივე ქვეყანა ერთდროულად გააკეთებს ოფიციალურ განაცხადს ივნისის ბოლოს მადრიდის სამიტზე. 11 აპრილს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიერ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები “ევროპულ კონტინენტს დამატებით უსაფრთხოებას ვერ მოუტანს”. ამ განცხადების შემდეგ კი მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ რუსებმა სამხედრო ტექნიკის გადასროლა ფინეთის საზღვრისკენაც დაიწყეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“კადრებში სავარაუდოდ ჩანს, რომ ეს არის თვითმავალი კომლექსები “კ-300პ ბასტიონი”, რომლებიც საზღვაო ხომალდების და ავიამზიდების გასანადგურებლად არის განკუთვნილი. მანამდე დიმიტრი პესკოვი ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლას რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ არ მიიჩნევდა. ფინეთ-რუსეთის საერთო საზღვრის სიგრძე 1 340 კმ-ია. ამასთან, ფინეთსაც და შვედეთსაც აქვთ გრძელი სანაპირო ზოლი და მრავალი კუნძული ბალტიის ზღვაში. “რუსეთისთვის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან ჩრდილოეთ საზღვრებს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ, რადგან წესად აქვთ, რომ ნატოს საზღვართან მეტი ყურადღება და მეტი ძალებია საჭირო. თუმცა, თავს რომ არ დაესხმება ფინეთი, კი ვიცით”, – განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა თორნიკე შარაშენიძემ და დასძინა, რომ ნატო-სთვის ეს დადებითი მოვლენაა, რადგან შვედეთი და ფინეთი ალიანსის შესაძლებლობებს გააფართოვებენ”, – განაგრძობს გამოცემა.
“აქამდე ნეიტრალური ქვეყნების შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრანების სურვილს ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის სრულ მარცხად აფასებს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია, იგი “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს შემდგომი გაფართოების აღკვეთა იყო. რეალურად კი მან საპირისპირო შედეგი მიიღო. “ფინეთი და შვედეთი ორივე ერთად აპირებენ ნატო-ში შესვლას და ახლა ნამდვილად არ აქვს რუსეთს თავი, რომ უკრაინის ომის ფონზე დაარტყას სხვა ქვეყნებსაც. უბრალოდ ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს, ეს არის პროვოკაცია, რათა დააშინოს ფინეთისა თუ სხვა ქვეყნების მოსახლეობა და რაღაც ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, მაგრამ უკრაინის ომმა, რომლის მიზანიც ის იყო, რომ საერთოდ უარი ეთქვათ უკრაინასა სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებაზე, გამოიწვია საპირისპირო შედეგი”, – ამბობს კაკაჩია, რომლის აზრით, “ეს არის შედეგი იმ გაუთვლელი პოლიტიკისა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში”, – დასძენს გამოცემა.