რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული საქართველოს 4 მოქალაქე გათავისუფლებულია.
საჩხერის რაიონის სოფელ სპეთის მკვიდრებს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2-2 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
მათ დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედავებოდა. ახლობლების ინფორმაციით, დაკავებისას საქართველოს 4 მოქალაქე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრიდან 8 კილომეტრში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
”ჯერ ზნაურის იზოლატორში დაგვკითხეს, იქედან გადაგვიყვანეს ცხინვალში. ბოლოს სასამართლოს შემდეგ გამოგვიშვეს. სასამართლომ დაგვიდგინა, რომ ვიმყოფებოდით მათ ტერიტორიაზე და 2-2 ათასი რუბლი ჯარიმა გამოგვიწერა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა დაკავებულმა.
თავად ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავება 19 მაისს ზნაურის რაიონში დასახლებულ პუნქტ აბანო-ნაგუთნის ტერიტორიაზე განხორციელდა.