მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში დილიდან საზეიმო წირვა აღესრულება.
დიდმოწამე ბარბარე IV საუკუნეში, კეისარ მაქსიმიანეს დროს, ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა. იგი მდიდარი, წარმართი კაცის, დიოსკორეს ერთადერთი ქალიშვილი იყო. ბარბარე მამისგან მალულად გახდა ქრისტიანი, რამაც დიოსკორე ისე განარისხა, რომ ქალიშვილს თავად მოჰკვეთა თავი. მოგვიანებით დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.
ბარბარეს წმიდა ნაწილები დასვენებულია კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.
წმიდა ბარბარეს ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისთვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.