ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 60 ათასი რჩეული რევოლუციონრის ძიებაშია, რომელიც რატომღაც არ ჩანს. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პროტესტს დაიწყებს მაშინ, როცა ადამიანების საკმარისი რაოდენობა ეყოლება.
„ჯერჯერობით ადამიანების შეგროვებით ვართ დაკავებული, ამაზე უარესი ხელისუფლებები მოგვიცილებია, არაფერი მოუცილებელი ამათ არ სჭირთ“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე და ხელისუფლებასთან დაპირისპირების გარეშე აპირებს მათ ხავერდოვან ჩამოცილებას ძალაუფლების სადავეებიდან. უბრალოდ, გულწრფელად გაბრაზებულ ადამიანებს ეპატიჟება საპროტესტო აქციებში.
აქეთ ზურაბ ჯაფარიძე, იქით დავით არახამია ეძებენ გაბრაზებულ ადამიანებს და ივანიშვილს დასრულებით ემუქრებიან.
რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, როცა შიდა თუ გარე ძალები ორკესტრირებულად მუშაობენ?!
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არახამია საქართველოს მოქალაქე არ არის. ამდენად, ვის სჯერა, რომ საქართველოზე გული შესტკივა ადამიანს, რომელიც არც საქართველოს მოქალაქე არ არის, არც ქართულის არაფერი გაეგება?! აქ ჩამოსული ინგლისელები, ფრანგები, ამერიკელები, გერმანელები უკეთესად ლაპარაკობენ ქართულად, ვიდრე არახამია.
„საერთოდ, საქართველოს ვერ იტანს არახამია, მას სჭირდება საქართველო, როგორც ტერიტორია და გავლენის სფერო. ასეთ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც იქიდან თითის ქნევით ელაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლებას და ემუქრებიან ხალხის უმრავლესობის აზრს, სიები უნდა შედგეს და აეკრძალოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა. ათასნაირი სიები კეთდება, ევროპამ და დასავლეთმა, რომელიც დემოკრატიულ სამყაროდ ითვლება, რუსებსაც კი აუკრძალეს თავისთან ჩასვლა, როცა ჩათვალეს, რომ ეს ხალხი გარკვეული ინტერესებიდან გასულია. ამ დროს მეტი რაღა უნდა მოხდეს, პირდაპირ გვემუქრებიან არახამია და მისნაირები უკრაინიდან. როგორც მინიმუმ, მათ უნდა აეკრძალოთ ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლა. თუ არ არიან საქართველოს მოქალაქეები, რატომ ერევიან ქართულ პოლიტიკაში?“ – აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ კანონი არსებობს და, როდესაც დესტაბილიზაციისკენ, გადატრიალებისკენ მოწოდებებია, კანონი ამაზე ითვალისწინებს სხვადასხვა სახის სანქციას და ეს უნდა განხორციელდეს კიდეც. ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ქვეყანაში კანონი მუშაობს.
„60 ათას კაცს კი არა, 60 კაცსაც ვერ გამოიყვანს ზურაბ ჯაფარიძე. ამაზე არც არის ლაპარაკი, მთავარია, რომ დესტაბილიზაციის გარემოს ქმნის და ეს აფრთხობს საზოგადოებას, ბიზნესს, ინვესტორს, ქვეყნის განვითარებას. ეს დანაშაულია და არ შეიძლება ამის მიშვება. მოქალაქეები ვეღარ არიან მშვიდად, როცა ზურაბ გირჩი აანონსებს არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლას. კანონი რისთვის იწერება მაშინ? ეს კანონი რიგით მოქალაქეებზე უნდა აღსრულდეს და არა პოლიტიკოსებზე? თუ ასეა, მაშინ ეს შესწორებაც ჩადონ კანონში“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ რევოლუციას სჭირდება რევოლუციონრები, რიგითი მებრძოლები, ასეთები კი საქართველოში არ ჩანან.
„ერთ მაგალითს გეტყვით, ამ რამდენიმე წლის წინ ერთდროულად თბილისსა და სომხეთში გაზი გაძვირდა, თბილისში სამჯერ მეტად გაძვირდა, ვიდრე ერევანში. მთელი ერევანი გამოვიდა გასაპროტესტებლად ქუჩაში და მაშინდელი მთავრობა, სარგსიანი იძულებული იყო, გაეუქმებინა გაძვირება. სამაგიეროდ, თბილისში კაციშვილი არ გამოსულა და ეს ხალხი რევოლუციის მომწყობია?! 60 ათასი კი არა, 60 კაციც არ გამოვა. ზურა გირჩი ჭკვიანი ბიჭია და ასეთი ილუზიები საიდან აქვს, წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენი ყველა ოპოზიციონერი იმუქრება, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო, ზურა ჯაფარიძემაც ილაპარაკოს, რომ რევოლუციონრებს აგროვებს, ვინ დაუშლის?! რისი გამომყვანები ეგენი არიან? ვთქვათ, გამოვიდა ხალხი, რომელსაც ევროპა უნდა, რატომ უნდათ ევროპა? თავისუფლებისთვის, მაღალი იდეალებისთვის? არა, სინამდვილეში, ევროპა უნდათ კარგი ცხოვრებისთვის, მაღალი პენსიებისთვის“, – აღნიშნა სოსო ცინცაძემ ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება არახამიას, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მისი მხრიდან მუქარა არასერიოზულია. ბუნებრივია, უკრაინაში უნდათ, მეორე ფრონტი გახსნას საქართველომ. სოსო ცინცაძე იმასაც იხსენებს, რომ თავის დროზე ჩერჩილი ყველაფერს აკეთებდა, როგორმე ამერიკა ჩაერთო ომში. ეს უკრაინის ინტერესშიცაა, რომ საქართველო ომში ჩართონ, მოგვიწოდებენ, აფხაზეთში შევარდით, ცხინვალში შევარდითო, მაგრამ ამის ჭკუა აქვს ჩვენს მთავრობას და არც არავინ აპირებს თოფის აღებას და სოხუმსა და ცხინვალში შესვლას.
„დავუშვათ, ჩაგვითრიეს ომში, რამდენი ათასი რუსი ჯარისკაცი მოსწყდება უკრაინას და წამოვა საქართველოსთან საომრად? 50 ათასი? 100 ათასი? ორი დივიზია არტილერიაც საკმარისია. დაიბომბება თბილისი და ომი დამთავრდება. მათი „ბუკები“ 60-70 კილომეტრზე ისვრიან. ამიტომ გამორიცხულია ამერიკას ახალი თავის ტკივილი აწყობდეს საქართველოში ომის დასაწყებად. მერე ვინ უნდა ჩაერიოს ამ საქმეში? ისევ ამერიკა? ამერიკა დაუშვებს, რომ რუსეთმა საქართველო მთლიანად დაიპყროს? ეს გამორიცხულია. ამერიკას უკრაინა არ ჰყოფნის, რომ საქართველო წამოიკიდოს კიდევ? უბრალოდ, წინა არჩევნებზე აქტუალური იყო გარეჯის თემა, დღეს კი აქტუალურია, ომი გინდათ? მუშაობს ეს მესიჯები ქართველ ამომრჩეველზე“, – აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისივე თქმით, ომი არავის უნდა, არც ერთი ქვეყნის მოსახლეობას არ უნდოდა ომი ისტორიულად. ომს იწყებენ მთავრობები, თავისი პროპაგანდით, ნაციონალისტური იდეებით. ომში ჩათრევა ასე ადვილი არ არის. თუ მთავრობას არ უნდა, ომში ვერავინ ჩაითრევს. ყოველ შემთხვევაში, ისტორია ამას გვასწავლის. მთავრობის სურვილის წინააღმდეგ ომში ჯერ არც ერთი ქვეყანა არ ჩაუთრევიათ.