საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ ქერიმ ვალიევს მასპინძლობს.
უწყების ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონია თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა. გენერალ-პოლკოვნიკ ქერიმ ვალიევს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს.
„მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონის მშვიდობიან განვითარებას უწყობს ხელს. ბურჭულაძის განცხადებით, განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონში უსაფრთხოებისა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებაში.
ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ- პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს“, – აცხადებენ უწყებაში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღესვე, ქერიმ ვალიევს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.
„მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო აზერბაიჯანელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობას საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და უწყების მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.