შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი იყო ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, მსგავსი კანონი ინიცირებულია კანადაში და სულ ახლახან, თებერვალში ასეთივე კანონი მიიღეს დიდ ბრიტანეთში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, მოქალაქეებს უფლება აქვთ, იცოდნენ, ვინ არიან, რას წარმოადგენენ და რა ფინანსური ინტერესებია იმ აქტორების უკან, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირება-მიღებაშიარიან ჩართული.
„ამას ქვეყნები სხვადასხვა ინსტრუმენტებით წყვეტენ. არის ან ამ ტიპის კანონები, რაც საქართველოში იყო ინიცირებული, რომელიც აშშ-ში არსებობს, კანადამ ახლა დააინიცირა, დიდ ბრიტანეთში არსებობს და არის ლობისტური საქმიანობის რეგულირების მხრივ კანონები. მათ შორის, ევროპარლამენტში ზუსტად ამერიკული ანალოგის ინიცირება სურთ; მაგალითად, გერმანიაში შექმნილია ლობისტების რეესტრი და გერმანული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რეგისტრირებულია ამ რეესტრში, როგორც ლობისტი. როცა საუბარია სტიგმებზე და იარლიყებზე, არ მგონია, ლობისტი მაინცდამაინც კარგი იარლიყი იყოს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, თუ საქმე საქმეზე მიდგება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს კანონი უსაფრთხოების მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რათა პოლიტიკური სისტემა იყოს მედეგი, თუმცა უსაფრთხოების სისტემებს აქვს თავისი ინსტრუმენტები, რომ ეს უზრუნველყოს.
„ეს კანონი, უპირველეს ყოვლისა, არის იარაღი მოქალაქის ხელში. ანუ, მიზანი არის, რომ მოქალაქე იყოს ინფორმირებული და ეს სწორედ მოქალაქეებისთვის კეთდებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, პროპაგანდის ძალა რაში მდგომარეობს, რომ მოქალაქეები, მათი ნაწილი ააჯანყეს ამ კანონის წინააღმდეგ, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი. დააჯერეს და უარი ათქმევინეს ამ იარაღზე. უთხრეს – არა, არა, თქვენ რად გინდათ, რომ იცოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები, რაში გჭირდებათ, უბრალოდ ენდეთ, რომ ეს კარგი ხალხია, თეთრი, ფუმფულა და ამიტომ, არ არის საჭირო ზედმეტი ინფორმაციის მოპოვებაო. პროპაგანდა სამწუხაროდ, აი, ამ დონემდეც კი მივიდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა