ირაკლი ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მიერ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე ისაუბრა. ამ თემაზე განცხადება თბილისის ვიცე-მერმა „ქრონიკაში“ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ გამოსყიდვა ხდება ადგილმონაცვლეობის გზით, როგორც ეს ვაკის პარკის, მზიურისა და სხვა ლოკაციების შემთხვევაში მოხდა და კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები განმარტა.
„ბევრი სხვა მიწის ნაკვეთია – რეკრეაციული ზონები სპორტული სივრცეები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დეველოპერული პროექტებისა და კორპუსების მშენებლობის მიზნით გაყიდა. ჩვენ, სწორი გეგმარების პირობებში, არ ვუშვებთ ამ ტერიტორიების განაშენიანებას და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ასეთი სივრცე გადავარჩინოთ განაშენიანებას და გამოვისყიდოთ. გამოსყიდვისთვის უზარმაზარი თანხაა საჭირო და ბიუჯეტში ამის თანხები ნამდვილად არ გვაქვს. ამიტომ, მუნიციპალიტეტი ახდენს მიწის ნაკვეთების მონაცვლეობას კერძო საკუთრებაში გადაცემის გზით. კანონმდებლობაში შეგვაქვს ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს იმას, რომ მიწის ნაკვეთის გადაცემის სანაცვლოდ ასევე შესაძლებელი იქნება, რომ გეგმარებითი პარამეტრები მივანიჭოთ მის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთს და საკუთრებაში გადმოვაცემინოთ მუნიციპალიტეტზე ისეთი ტერიტორია, სადაც სკვერი, პარკი ან სპორტული მოედანი უნდა მოეწყოს“, – განმარტა ხმალაძემ.