“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები სახიფათო და არასწორი სვლაა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს მიზნად ისახავდეს ობიექტური რისკებისგან თავის დაზღვევას. მეც მივიჩნევ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის გამტარებელია, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია კონსტიტუციონალიზმის პრინციპის დაცვა, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები, თუნდაც სწორი პოლიტიკური მიზნებისთვის, მაინც სახიფათოა. არ შეიძლება კანონმდებლობის შეცვლა სუბიექტური მოტივებით. ხანმოკლე პოლიტიკური ამოცანების პრიორიტეტად დასახვა გრძელვადიანი ინსტიტუციური წესრიგის საპირწონედ ძალზე სახიფათო გზაა”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “კარგი იქნება, ემოციები პრეზიდენტმაც მოთოკოს და დანარჩენმა ხელისუფლებამაც” / “ძალიან სამწუხაროა, რომ რესპუბლიკურ პარტიას ამ ფორსმაჟორულ ვითარებაში გაახსენდა საარჩევნო სისტემის გაკეთილშობილება” / “მე ვერ წარმომიდგენია ივანიშვილის გარეშე როგორც პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნება, ასევე წინასაარჩევნო პროცესის ორგანიზება”.
“ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიარებ კონკრეტულ პოლიტიკურ არგუმენტებს, რომ დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლო გარკვეულ რისკებს წარმოშობს, მაინც მგონია, რომ ის იმაზე მეტად ვერ დააზიანებს სახელმწიფოს, ვიდრე კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესზე კანონმდებლობის მორგების მცდელობა. ჩემი აზრით, ხელისუფლების მტკიცება რომ ეს ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური ზეგავლენისგან გასათავისუფლებლად არის საჭირო – ეს თითიდან გამოწოვილი ლოგიკაა. ვეჭვობ, რომ პოლიტიზებისგან გათავისუფლებაში გულისხმობენ კონკრეტულ მოსამართლეებს და არა ზოგადად უკეთესი მოდელის შემოთავაზებას. კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურის შესაცვლელად არ შეიძლება იყენებდე კანონმდებლობას და არგებდე მას გარკვეულ ვითარებას. პრეზიდენტის ვეტო ბუნებრივია, კონფრონტაციას დანარჩენ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო გაამწვავებს. თუმცა ჯანსაღი პროცესი მგონია, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო ერთმანეთს აბალანსებს. ამ ვითარებაში ისინი ერთმანეთს არასწორი ნაბიჯების გადადგმისგან აზღვევენ, შესაბამისად, კარგი იქნება, ემოციები პრეზიდენტმაც მოთოკოს და დანარჩენმა ხელისუფლებამაც“, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ვეტოს შემთხვევაში, უმრავლესობა შეეცდება, დასძლიოს ის. ვნახოთ, რა იქნება. ჩემთვის მისაღები იქნება ყველა ის მოდელი, რომელზეც მოხერხდება პოლიტიკური ძალების კონსენსუსი, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის სერიოზული საფრთხე არსებობს, ანუ საფრთხე იმისა, აღიარებენ თუ არა მას საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი. ეს გერმანული მოდელი პოლიტიკური ელიტის უმრავლესობას მოსწონს, გარდა ხელისუფლებისა და მზად არიან, კონსენსუსისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ რესპუბლიკურ პარტიას ამ ფორსმაჟორულ ვითარებაში გაახსენდა საარჩევნო სისტემის გაკეთილშობილება. ეს ძალა თავისი პრინციპების ერთგული რომ ყოფილიყო და ამ ინიციატივით აქამდე გამოსულიყო, შესაძლოა, ამ პრობლემების წინაშე არც დავმდგარიყავით და დღეს უკვე გვქონოდა ვითარება, როდესაც მაჟორიტარული სისტემა საერთოდ მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან. ამის ვალდებულება აღებული ჰქონდა “ქართულ ოცნებას”. ვფიქრობ, თუ გერმანულ მოდელზე შეთანხმდებიან, ეს წაადგება საარჩევნო ვითარებას და არჩევნების ლეგიტიმაციის ხარისხსაც გაზრდის”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და `ქართული ოცნება~ არ დათანხმდა ამას, ეს მოდელი ვერ გავა, თუმცა ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ერთი კია, ამ ცვლილებების ინიციატორები მაინც წაუგებელ თამაშს თამაშობენ. თუ მოხერხდა ამ საკითხზე თემატური უმრავლესობის შექმნა და გავიდა ეს ცვლილება, მაშინ კიდევ უფრო გამოჩნდება “ქართული ოცნების” პრობლემები, რაც წინასაარჩევნოდ მის სისუსტეს გაუსვამს ხაზს. თუ ვერ მოხერხდა, ეს კიდევ ერთი დაპირისპირების ველს გააჩენს პოლიტიკურ სივრცეში და კიდევ ერთი არგუმენტი გახდება არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რესპუბლიკელების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ამ არცთუ პატიოსანი თამაშით სახე ჩამოიბანონ. ისინი გამოსაძრომ კარს ეძებენ. ბოლო 4 წლის განმავლობაში ის მნიშვნელოვანი პრინციპები, რასაც ლამის მთელი 30 წელი ქადაგებდნენ, დაივიწყეს, ახლა კი ცდილობენ, როგორმე გადაფარონ ეს და საზოგადოებას დაავიწყონ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა ანაცვალეს საკუთარ პრინციპებს. თუმცა ჩვენ ამნეზია არ გვჭირს და, ბუნებრივია, ეს ვერ იქნება მათი სრულად რეაბილიტაციისთვის საკმარისი არგუმენტი. თუმცა სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის სჯობს ამ მოდელის მიღება“, – მიიჩნევს ხუხაშვილი.
“დიახ, “ქართული ოცნება”, შესაძლოა, ამ მოდელით პოლიტიკურად დამარცხდეს, თუმცა ქვეყანა აშკარად იხეირებს. თუ არ დაუჭერს მხარს, ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას სწორედ მაჟორიტარების ხარჯზე აპირებს, რასაც ხალხი კიდევ უფრო ნეგატიურად აღიქვამს. ჩვენს საზოგადოებაში მაჟორიტარობა არაერთი მიზეზის გამო ძალიან დისკრედიტირებულია. ეს სისტემა ყველა ხელისუფლების დროს აღიქმებოდა ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მაჟორიტარების დიდი ნაწილი ყოვლად აპოლიტიკური ადამიანები არიან, რომლებიც სახელისუფლებო ბერკეტს იყენებენ დიდწილად პირადი მიზნებისთვის. ეს არის კლასიკური გაგებით ოლიგარქია, რომელიც სახელისუფლებო ბერკეტებს იყენებს ბიზნესის ლობირებისთვის, ხოლო ბიზნესს იყენებს პოლიტიკაში ინტეგრირებისთვის. თუ გვინდა, ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს, ეს წრე უნდა გაირღვეს. ხელისუფლება გვპირდება გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს, თუმცა თვითონვე დააყენებს ამას ეჭვქვეშ, თუ მთელ იმედს მაჟორიტარულ სისტემაზე დაამყარებს. გარდა ამისა, თუ ვინმე პოსტსაარჩევნო კრიზისზე აკეთებს გათვლას, ხელისუფლების ეს გაჯიუტება კიდევ ერთი არგუმენტი იქნება პოსტსარჩევნო კრიზისის ფორმირების საქმეში. შესაძლოა, ოპოზიციას გათვლა სწორედ ამაზეც აქვს. ამიტომ ვამბობ, წაუგებელ თამაშს თამაშობენ-მეთქი“, – განმარტავს ექსპერტი.
“დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი აქამდე პროცესში არ მონაწილეობდა, თუმცა ცნობილია, რომ აპირებს საარჩევნო პროცესში ჩართვას და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, უფრო გააქტიურდეს. ჩემი აზრით, აქამდე მისი პასიურობა სწორი იყო. მან მისცა საშუალება პარტიის ელიტას, სცადოს და გადაწყვიტოს პრობლემები, მეტი ინიციატივა გამოიჩინოს და ა.შ. როცა რაღაც ავადმყოფობა სჭირს ადამიანს, კარგი ექიმი ბოლომდე ახდენს ამ დაავადების პროვოცირებას, ცდილობს, მისი სიმპტომები ბოლომდე გამოჩნდეს და მერე დაიწყოს მკურნალობა. ვფიქრობ, ივანიშვილიც ამ პოზიციაში იყო. ის ამ ეტაპამდე არ მონაწილეობდა ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა ფრაქციის სხდომასა და პოლიტსაბჭოზე მისი გამოჩენა მაფიქრებინებს, რომ ის გააქტიურებას იწყებს. ველით მისგან დაანონსებულ წერილს, რომელიც, ვფიქრობ, საარჩევნო პროცესში მისი ჩართვის სტარტი იქნება. მე ვერ წარმომიდგენია ივანიშვილის გარეშე როგორც პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნება, ასევე წინასაარჩევნო პროცესის ორგანიზება”, – ამბობს გია ხუხაშვილი.
“ცხადად ჩანს, რომ პოლიტსაბჭოს გადახალისება კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით მოხდა. თუ მას სურდა რეორგანიზაცია, უპირველესად მას უნდა ეცადა პარტიასთან კომუნიკაცია და პარტიული რესურსის გამოყენება. უამრავი ადამიანია პარტიაში, რომლის მხრებზეც გადავიდა მისი მშენებლობა და ბოლო 4 წელიწადი, ბუნებრივია, ეს ხალხი განაწყენებულია იმით, რომ კვირიკაშვილმა მოიყვანა პირები, რომლებსაც არავინ იცნობს. ამან შიდაპარტიული დაძაბულობა გააძლიერა. კვირიკაშვილს რამდენიმე ადამიანი შიდაპარტიული რესურსიდან რომ წამოეწია, ბევრად უკეთესი იქნებოდა. მეორე საკითხია, ვინ მოიყვანა პოლიტსაბჭოში. ბევრი განმარტება გაკეთდა, მაგრამ ფაქტია, რომ დავით კოღუაშვილმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და საკუთარი განცხადებებით გვარიანად გაანაწყენა არა მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, არამედ მისი მხარდამჭერების ნაწილიც და პარტიაც დააზარალა”, – დაასკვნის რესპონდენტი.
“კაბელების საქმე დასაწყისიდანვე გახდა პოლიტიკური. სამართლებრივ ასპექტებში ვერ შევალ და ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებ, თუმცა კითხვები მაქვს. მაგალითად, თუ დავუშვებთ, რომ დანაშაული მართლაც მოხდა, პროკურატურის მტკიცებით, ამისგან სარგებლის მიმღები კომპანია “სილქნეტიცაა”. კარგი, მისი ბრალეულობა არ არის დამტკიცებული, მაგრამ ეს კომპანია ეჭვმიტანილი ხომ არის? მაშინ როგორ ხდება, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ კომპანიასთან კონტრაქტების სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებას არ წყვეტს? ეჭვმიტანილ კომპანიასთან რატომ აქვთ კვლავაც სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობა?! პოლიტიკური კუთხით სხვა კითხვებიც ჩნდება და დამაჯერებელი პასუხები კი არ ჩანს. საქმეში, ფაქტობრივად, არ ჩანს დანაშაულის მოტივი, არადა, მოტივის გარეშე დანაშაულის დამტკიცება სამართლებრივ ქვეყანაში არ ხდება. ისე ჩანს, რომ პროკურატურა ცდილობს ძალის დემონსტრირებას, არადა, ეს დიდი შეცდომაა. ამ ხელისუფლების ერთი დიდი პლუსი, რაც, როგორც ჩანს, თვითონ მინუსი ჰგონია, ის არის, რომ მისი არავის ეშინია, ამ ფორმით ძალის დემონსტრირება კი სასაცილო და კურიოზული ჩანს, მიუხედავად საქმის ტრაგიზმისა. ერთიც, ალასანიას განცხადება მინდა გავიხსენო – თუ დანაშაული მოხდა, ეს ჩემი და ღარიბაშვილის დანაშაული იყოო, მე ვიზიარებ ამ პოზიციას. დაკავებულები არ არიან მთავარი ფიგურანტები. თუ დანაშაული რეალურად მოხდა, ისინი მხოლოდ მეისრეები არიან. არ არის სამართლიანი მათი დასჯა საქმის ბოლომდე გამოძიების გარეშე”, – დასძენს გია ხუხაშვილი.