ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან არის ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.
მელიას თქმით, საქართველოში მყოფი ლავროვის ოჯახის წევრებიდან სამი სანქცირებული პირია და, რადგან სხვაგან ვერ მიდიან, ამიტომ ჩამოვიდნენ ყვარელში.
„სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები აქ არიან, არც მეტი, არც ნაკლები, სასტუმროში „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ დაბინავებულნი. ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან არის ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი. ლავროვის უახლოესი ოჯახის წევრის, სიძის ძმის ქორწილს იხდიან, ლავროვის სიძე, ქალიშვილი, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოების, ავსტრალიის, ბრიტანეთის მიერ. ე.ი არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან არიან სანქცირებული და ჩამოვიდნენ ყვარელში. მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ოკუპირებულია სწორედაც ლავროვის მიერ. ის ხომ ავტორია იმ სისხლისღვრის, რაც 2008 წელს მოხდა. ბატონი ლავროვი და მისი ოჯახის წევრები ხომ არიან ავტორნი, რაც ხდება დღეს უკრაინაში. დღეს ხომ აქ უნდა გაბედონ და პუტინის, რუსული არმიის სადღეგრძელო უნდა შესვან, გამარჯვება უნდა უსურვონ რუსულ არმიას და დამარცხება უკრაინას. გამარჯვება რუსეთს და დამარცხება ქართველ ერს. წარმოუდგენელი ცინიზმია, ვულგარული ცინიზმი“, – აღნიშნა მელიამ.
კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ პოლიციაა მობილიზებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთიდან ჩამოსული სანქცირებული პირები იმყოფებიან „ყვარლის ტბაზე“, სადაც წვეულების გამართვა იგეგმება. სასტუმროს ადმინისტრაციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.