გვჯერა რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში სათანადოდ არის გაცნობიერებული ის საფრთხეები რაც დღეს ევროატლანტიკურ სივრცეს ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
„ასევე, სათანადოდ არის გაცნობიერებული ნატოს ღია კარის პოლიტიკის ფორსირების საჭიროება, რაც არის ერთადერთი გარანტი ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნების და ამის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია და დღეს არის საჭიროება იმის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს, იმდენად, რამდენადაც ამისათვის ძალიან კონკრეტული მიზეზები არსებობს“, – აცხადებს ბერაია.
ლუქსემბურგში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებს ქართული დელეგაცია. ლუქსემბურგში შეკრებილები არიან კანონმდებლები 31 წევრი ქვეყნიდან და 100-ზე მეტი დელეგატი პარტნიორი სახელმწიფოებიდან. უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, ნატოს სახელმწიფოები აქცენტს ღია კარის პოლიტიკაზე აკეთებენ. საქართველოს მთავარი ინტერესი ნატოში გასაწევრიანებლად პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზაციაა.