ეს კონკრეტული თემა არ ვიცი, მაგრამ არათუ ფაქტი, დამაჯერებელი ჭორიც კი არ არსებობს რომელიც გვაჩვენებდა, რომ საქართველოს გამოყენებით მოხდა სანქციები, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ სომხური მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველომ დაიწყო ნოვოროსიისკის პორტის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვაზე აღდგენა.
„ეს კონკრეტული თემა არ ვიცი, თქვენგან მესმის, მაგრამ ერთი რამე უნდა დაიმახსოვროთ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, რომ გადაწყვეტილების მიღების პრინციპი არის შემდეგი – ჩვენ უზრუნველვყოფთ საერთაშორისო სანქციების დაცვას და არა გვერდით ავლას საქართველოში. არათუ ფაქტი, დამაჯერებელი ჭორიც კი არ არსებობს, რომელიც გვაჩვენებდა, რომ საქართველოს გამოყენებით მოხდა სანქციების გვერდის ავლა. უფრო მეტიც, 1200-ზე მეტი ტვირთი, ტრანზაქცია შეჩერდა ჩვენს საზღვრებზე სწორედ იმიტომ, რომ იყო სანქცირებული ტვირთი, ან სანქცირებული კომპანია. ამ ტვირთებს შორის, გამომგზავნები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, და ა.შ. საქართველო არის მხოლოდ ერთი მონაკვეთი, სადაც შეიძლება ტვირთმა გადაკვეთოს რუსეთის გზაზე. არიან გამომგზავნი ქვეყნები. მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ საკუთარ გულში ჩაიხედოს, რატომ მოხდა ამ ტვირთების გამოგზავნა, რატომ მოაღწია საქართველოს საზღვრამდე. საქართველოს სახელმწიფომ და მისმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა უზრუნველყვეს, რომ ყოფილიყვნენ ამ მხრივ ფრთხილი და აღმოეჩინათ ასეთი ტვირთები. როგორც ჩანს, ქვეყნებს ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებს გზად გამოეპარათ ეს ტვირთები. რომ არა საქართველო, ეს ტვირთი აღმოჩნდებოდა საბოლოო ჯამში რუსეთში. საქართველო არის კეთილსინდისიერი და ამ პრინციპით ვმოქმედებთ და შესაბამისად, შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელშიც შეიძლება იგულისხმებოდეს, რომ სანქციის გვერდის ავლა ხდება, არ შეესაბამება სინამდვილეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.