თავისუფალი სტილით მოჭიდავეები – შოთა ფარტენაძე და გენო პეტრიაშვილი, საქართველოში გამთენიისას დაბრუნდნენ და პარიზიდან 2 ოქროს მედალი ჩამოიტანეს. მათ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან ერთად, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.
გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის გულშემატკივრებს სპორტსმენების წარმატება მიულოცა.
„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. ვისურვებდი, რომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის სხვა ტურნირებიდანაც ოქროს მედლებით ბრუნდებოდნენ ჩვენი მოჭიდავეები. ველოდებით, კიდევ მოსკოვში მიდიან ახალგაზრდები და ასევე, მსოფლიო თასია ირანში“, – განაცხადა გეგა გეგეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გორელმა გენო პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ გამარჯვება საკმაოდ რთული მოსაპოვებელი აღმოჩნდა.
„მე ვფიქრობ, რომ კარგი სტარტია და ვეცდებით, სულ ასე წარმატებით გავაგრძელოთ ეს წელი. ტურნირი საკმაოდ კარგი იყო, რთული მეტოქეები გვყავდა, პირველი მეორე შეხვედრა ამერიკელებთან ჩავატარე და ფინალშიც უნგრელი სპორტსმენი დავამარცხე, რასაკვირველია, ყველა შეხვედრა რთულია“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აჭარელი მოჭიდავის, შოთა ფარტენაძისთვის მსგავსი მასშტაბის ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვება პირველი იყო. მან რამდენიმე საკმაოდ კვალიფიციური მეტოქე დაამარცხა და ფინალურ ორთაბრძოლაში ამერიკელი მოჭიდავე დაამარცხა.
„ასეთი ტურნირისთვის ეს ჩემთვის პირველი ოქროს მედალია, საქართველოს ტურნირებზე დღემდე ბევრი წარმატება მქონია. ჭიდაობის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რათა წარმატებით ვიასპარეზოთ ტურნირებზე“, -განაცხადა შოთა ფარტენაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.