ზოგადად, საჯარო პირები უნდა იყვნენ კონსტიტუციის დაცვის მაგალითები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.
„საჯარო პირი კონსტიტუციას საჯაროდ თუ არღვევს, რა თქმა უნდა, ყველამ პასუხისმგებლობაც უნდა გაითავისოს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
რაც შეეხება კითხვას, აისახება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატიის ნაწილია, რადგან სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა სამართალში.
„ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ დემოკრატიის ნაწილის აღსრულებაში. ასე რომ, ბევრ ქვეყანაში მათ შორის, ამერიკაშიც რამდენჯერმე ყოფილა დაყენებული პრეზიდენტების იმპიჩმენტის საკითხი და ამას დემოკრატიისთვის ხელი არ შეუშლია“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.