საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2017 წლის 09 თებერვალს, საბაჟო-გამშვები პუნქტი, „სარფის“ გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ IVECO-ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოში გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღები. საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
“სარფში“ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს
10.02.2017 11:18:34
ნანახია: 1301 ჯერ
