ვასილ მაღლაფერიძემ არასამთავროებთან შეხვედრის დროს ტელევიზიის ვალდებულებებსა და კრიტერიუმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დოკუმენტებში ჩახედვის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მაუწყებელს სულაც არ ევალება პარლამენტიდან ტრანსლირება.
“როცა ჩავიხედეთ დოკუმენტებში აღმოჩნდა, რომ პარლამენტიდან ტრანსლირება საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონით არ ევალება. იყო მემორანდუმი, რომელიც 2015 წელს დამთავრდა. მაუწყებელს ეს ტრანსლირება უჯდება არცთუ ისე პატარა თანხა. პლუს, ტექნიკა არა გვაქვს და ერთი მილიონის ტექნიკას, რომელიც ძალიან დაგვჭირდებოდა რეგიონებში, ვიყენებთ პარლამენტში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძის თქმით, უნდა შეთანხმდნენ იმაზე, გადაიცემა თუ არა პარლამენტიდან პირდაპირი ეთერი და თუ კი, კონკრეტულად რომელ პლატფორმაზე.
“თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ პარლამენტი გადაიცეს, მერე შევთანხმდებით იმაზე, თუ რომელ პლატფორმაზე გადაიცეს და როგორი იყოს. ზოგ ქვეყანაში ეს ყველაფერი უკვე ციფრულია”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.