შეუძლებელია, ეს ადამიანი ერთხელ მაინც გენახათ სცენაზე და მისი ცეკვით, სიმღერით, ლექსის კითხვის ოსტატობით არ მონუსხულიყავით. ის მართლაც, სცენისთვის იყო დაბადებული. დათუნიკა სხირტლაძეზე მინდა გიამბოთ. ადამიანზე, რომლის ცხოვრება მართლაც, ქარიშხალს ჰგავდა, სიკვდილი – მეხის გავარდნას.
ვინ იყო დათუნიკა და რა დამსახურება აქვს მას ქართული კულტურის წინაშე? – შეუძლებელია, ამ ყველაფერზე ერთ სტატიაში ილაპარაკო. მისი მეუღლე, ქალბატონი მზია ჯინჭარაძე დათუნიკას ადამიანურ თვისებებზე, დიდ სიყვარულზე, ტკივილზე, სიხარულზე, მხრებით ნატარებ სამშობლოზე, ნაქერალაზე დაკოცნილ მიწაზე გვიამბობს.
შეხვედრა
– მამით რაჭველი ვარ, დედით – კოლხი, აფხაზეთში გავიზარდე. სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, ამბროლაურში ჩავედი. ფოლკლორის მოყვარული ვარ. მეგობარმა გოგონამ მითხრა, დღეს საღამოს, ამბროლაურის კულტურის სახლში კარგი კონცერტი ტარდება, ერთი ძალიან კარგი ბიჭი გამოდის, ლექსებს კითხულობს და წავიდეთო. ის საღამო მართლა დღესასწაული იყო. უნდა მოგესმინათ, როგორ კითხულობდა ლექსებს დათუნიკა, როგორ მღეროდა, სცენაზე მისი უბრალო გავლაც კი შთამბეჭდავი იყო. გავიფიქრე; უფალო, ამ ადამიანს თუ დამაკავშირებ, მხარში ამოვუდგები-მეთქი. ანგელოზმა ჩემი ნათქვამი ისმინა… შემდეგ ერთმანეთს სუფრასთან შევხვდით. ის თამადობდა.
– ამ შეხვედრის შემდეგ, თქვენი სიყვარული როგორ დაიწყო?
– ერთ დღეს დამირეკა და გალაკტიონის ლექსი წამიკითხა. მეც ლექსით ვუპასუხე. ჩვენ შორის პატარა პაექრობასავით გაიმართა. მერე მითხრა, – რაჭა, ჩემიაო. – რაჭა ორივეს გვეყოფა-მეთქი. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მერე ბარაკონზე სალოცავად მივდიოდი და ხიდიკრის ხიდთან შევხვდით. ის ვენახში მუშაობდა, რთველი ჰქონდა. რომ გამოვიდა, სამუშაო ტანსაცმელი ეცვა, ხელში ყურძნის მტევნები ეჭირა. – წავიდეთ ბარაკონში, ვილოცოთ-მეთქი. გაიკვირვა: ასე, ამ ფორმით წამოვიდეო? – უფალს შენი ამ ფორმით მისვლა უფრო გაუხარდება-მეთქი. ხიდიკრიდან ბარაკონამდე გზად მიმავლებს, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ. თურმე, დავითი მთელ რაჭაში ცნობილი კაცი იყო და ხალხს აინტერესებდა, ვისთან ერთად მიდიოდა. მოგვიანებით გავიგე, ძალიან ბევრ გოგოს უყვარდა, ბევრს უნდოდა მასთან ბედის დაკავშირება.
ერთად ყოფნის რომანტიკა
– 1996 წლის 23 ნოემბერს შევუღლდით. რატომღაც სულ მომწონდა, ქალს მზითევში “ვეფხისტყაოსანი”, ბიბლია და წმინდა გიორგის ხატი რომ მიჰქონდა და მეც ასე მოვიქეცი. ის ხატი ჩვენს სახლში, სოფელ ხიმში, დღემდე გვაქვს. ამბროლაურიდან (ჩემი სახლიდან) დავითის სახლამდე ფეხით წავედით, ასე უფრო რომანტიკული იყო. ფეხით 3 კილომეტრი გავიარეთ.
– მხოლოდ თქვენ იყავით და სხვა არავინ?
– დიახ. ჩემები დევნილები რომ გახდნენ, რაჭაში დაბრუნდნენ. ამბროლაურში ბინა გვქონდა. მე თბილისიდან რომ ჩავედი, დავითმა მომაკითხა და გავყევი.
– მის ოჯახში მისვლის წუთები როგორ გახსოვთ?
– რომ მივედით, მშობლებს უთხრა, ცოლი მოვიყვანეო. მაშინ დავითი 37 წლის იყო, მე – 33-ის. ძალიან გაუკვირდათ. უნდოდათ დაოჯახებულიყო, მაგრამ დედ-მამა გაოგნებულები იყვნენ. ასეთ დროს, ოჯახში სუფრა ხომ იშლება. მე ვთქვი, არაფერზე შეწუხდეთ-მეთქი. ველიეთის სალოცავზე ავედით, ვილოცეთ. დავითმა დედას დაუბარა, რომ დავბრუნდებით, მჭადი და ყველუკა დაგვახვედრეო.
სხვათა შორის, ამ დღის შემდეგ, ჩვენ ყოველ 23 ნოემბერს, ერთმანეთს პაემანს ველიეთის სალოცავში ვუნიშნავდით. იქ ლექსებს მიკითხავდა, მიმღეროდა… 20 წელი ვიცხოვრე ზებუნებრივ ადამიანთან. მე არა მხოლოდ ქმარი, დიდი მეგობარი დავკარგე. ძალიან დიდი ადამიანი იყო. სცენაზე მოულოდნელად იგონებდა ახალ ილეთებს. მაყურებელს მისი სკამიდან წამოდგომა, მისი ერთი ხელის აწევაც კი ნუსხავდა.
– ქორწილი გქონდათ?
– მე ქორწილები და დიდი სუფრები არ მიყვარდა, არც მას ჰყვარებია. დათოს ზოგადად, ხმაური არ უყვარდა არაფერში, სახლშიც კი უხმაუროდ დადიოდა. ჯვარი ბარაკონზე დავიწერეთ. გვქონდა მოკრძალებული, 20-კაციანი სუფრა. პირველი 7 წელი რაჭაში ვიცხოვრეთ, მერე თბილისში გადმოვედით. ფრიდონ სულაბერიძემ სთხოვა, ანსამბლ “რუსთავისთვის” რაჭული ცეკვა დაედგა. მერე მისი აღმასვლა დაიწყო. ანსამბლმა “შინ” მიიწვია. ძალიან ხშირად იყო გასტროლზე, თითქმის ყველა ქვეყანა მოიარა და მისი გარდაცვალების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ყველგან დიდი სიყვარული დაუტოვებია.
ნაქერალა და დანარჩენი მსოფლიო
– გასტროლებზე როცა მიდიოდა, ამბობდა, – მე დავდივარ და მხრებით საქართველო დამაქვს, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა შევაყვაროო. მისი შესაძლებლობების მქონე კაცს შეიძლებოდა, მეტი მატერიალური კეთილდღეობა ჰქონოდა, მაგრამ დათუნიკა მატერიალურით არასდროს ინტერესდებოდა, ის ხელფასის აღების დროსაც კი წითლდებოდა და ფულს არასდროს ითვლიდა. მასთან ცხოვრება დიდი ბედნიერება იყო.
ჩვევად ჰქონდა, საზღვარგარეთ ყოფნისას, მისი ყოველი დილა ჩემთან ზარით იწყებოდა. დარეკავდა და, – მზიკო, როგორ ხარ? ამ ფორმით ის თითქოს სამშობლოსაც ეხმიანებოდა. სამშობლოს, ქართული მიწის, თავისი რაჭისა და ნაქერალას გარეშე არსად ყოფნა არ შეეძლო. ნაქერალას რომ გადავივლიდით, მანქანას აჩერებდა, გადადიოდა, რაჭის მიწას კოცნიდა, მერე წელში გაიმართებოდა და მთებს შესძახებდა, შენი შვილი მოვედიო! ბუხარში დანთებულ ცეცხლზე გიჟდებოდა. ერთხელ დაწერა: “თუ გიზგიზებს ბუხარია, დათუნიკას უხარია”.
რაჭაში ჩვენი სახლი და ეზო განსაკუთრებულ ადგილზეა. მე ყველა დეტალი გამოვიყენე, ტერასები გავაკეთე. მეუბნებოდა, მხატვრის თვალი გაქვსო. ეზოში სამუშაოები რომ გვქონდა, თავად მოსკოვში იყო. რომ ჩამოვიდა და შეცვლილი ეზო დაინახა, გაგიჟდა, – სხვის ეზოში მოვედი? ეს რამ მოგაფიქრებინაო? ძალიან მოეწონა. დეკორაციაში აგური მაქვს გამოყენებული, რადგან აგური მიყვარს, მასში “სამებაა” – წყალი, ცეცხლი და მიწა.
ჩემი მამამთილი წერდა: ჩემი სახლის კარს ბოქლომი არ უნდა დაედოს, მარნის კარმა უნდა იჭრიალოს, ჭიშკართან ძროხამ უნდა იბღავლოს, სტუმარს ზედაშე უნდა დავალევინო, ურმის თვალმა უნდა იჭრიალოსო. რატომღაც მეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს გასაგონად დაწერა. ის იყო რეჟისორი, დრამატურგი, თეატრთმცოდნე, ლექსების, მათ შორის – “ტაში ბიჭო გიორგუნას” ავტორი. ჩვენს სახლში, ბუხრის წინ, ტაბლასთან ხშირად იკრიბებოდნენ კულტურის დიდი კორიფეები. იქ ჩვენ პატარა სამოთხე გვაქვს, რომელიც მინდა, გიგა-დავითის მუზეუმად გადავაქციო.
ტკივილი
– ჩვენი დიდი ტკივილი იყო უშვილობა, მაგრამ ამ თემაზე საყვედური ერთხელ არ დასცდენია. დავდიოდით, ვმკურნალობდით, ვლოცულობდით… ადრეც მინდოდა, ხელოვნური განაყოფიერების მეთოდისთვის მიგვემართა, მაგრამ ამას ეკლესია ეწინააღმდეგებოდა. მერე რატომღაც, ძალიან მოვინდომე. რაჭაში ვიყავი, თოვლიანი ამინდი იყო, მხოლოდ 100 ლარი მქონდა. გამოვედი სახლიდან და ველიეთის სალოცავს ვთხოვე, – მივდივარ, ამ ნაბიჯს გადავდგამ, რომ დათუნიკას ნიჭი, ჯიში, გენი არ გადაშენდეს-მეთქი. გადავწყვიტე სუროგაციის მეთოდი გამომეყენებინა. ვიცოდი, ამ საქმისთვის 50 ათასი იყო საჭირო. სახლიდან გამოვედი 100 ლარით და ვგრძნობდი, ღმერთი დამეხმარებოდა… მალე ჩვენთვის სასურველი შედეგი დადგა. დათუნიკა ამბობდა, – ბავშვს მე გავზრდი, ძიძა ვიქნებიო.
დიდი სიხარული
– თავდაპირველად სუროგაციის თემას ჩვენ ორი საიდუმლოდ ვიტოვებდით. როცა დავურეკე, ბიჭის მამა გახდები-მეთქი, თურმე, იმ წუთებში მანქანით მგზავრობდა, მძღოლს მიჰყავდა. უეცრად დაუყვირია, – რომ არ ვთქვა, გული ამ სიხარულს ვეღარ იტევს, ბიჭის მამა ვიქნებიო. მერე მანქანა გაუჩერებიათ და უტირიათ. რაჭაში ყველას უნდოდა, დათოს ბიჭი ჰყოლოდა, მისი გენის გამგრძელებელი დაბადებულიყო.
ამ ამბის შემდეგ, იურმალაში ჰქონდა კონცერტი. ამ გამოსვლას, ჩემს პატარა ბიჭს ვუძღვნიო – ასეთი ჩვევა ჰქონდა, ყველა გამოსვლას ვინმეს უძღვნიდა. იმ დღეს კი ისე უცეკვია, მთელი დარბაზი ფეხზე მდგარა. “ეგარის” ბიჭებმა მითხრეს, იმ სცენას მსგავსი რამ არ ახსოვსო. სცენაზე მეორედ გაუწვევიათ და გაჰყვიროდნენ: “არწივი კავკასიიდან”.
შვილს სახელი თავად შეურჩია, – თევდორე დავარქვათო. მოუთმენლად ელოდა მის დაბადებას. ელაპარაკებოდა: მალე მოდი, ოქროსთმიანო ბიჭო, მალე მოდი, მამა, სად ხარო? მართლა ოქროსთმიანი დაიბადა, მაგრამ მამამ ვერ ნახა.
– გამოსვენებამდე 1 საათით ადრე დაიბადა, არა?
– დიახ. მთელი დღეები ვტიროდი. ეტყობა, მეც გადავიღალე და რომ გავჩერდი, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. უეცრად აღმომხდა, ასეთი სიჩუმე რატომაა-მეთქი და ამ დროს, სამშობიაროდან დაგვირეკეს, საკეისრო კვეთა ტარდება, პატარა თევდორე იბადებაო. ეზოში რომ გამოასვენეს, ბავშვის ტირილის ხმაც მოასმენინეს. სასწაული სცენა იყო. მამა იმ ქვეყნად მიდიოდა, შვილი იმ წუთებში მოევლინა ქვეყანას, თითქოს გზები გაცვალეს.
იმ დღის მერე ვცხოვრობ ასე უჩვეულო განცდებით. ვზრდი ახალშობილს, რომელსაც თავისებური მიხედვა სჭირდება, ამ ტკივილსა და მონატრებას კი გაძლება უნდა.
სუროგატი ქალი აქ მყავდა, ვუვლიდი. დათო მეუბნებოდა, ყველაფერი გაუკეთე, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოსო. სუროგატი ქალის ნახვა არ უნდოდა. ამბობდა, ისეთი ხასიათი მაქვს, შემეცოდება, სულ უნდა ვდიო და პატივი ვცეო. 30 წლის გოგო იყო და ეცოდებოდა, – ასეთი რა გაუჭირდაო? ის გოგო მეუბნებოდა, თქვენაირი პატრონი არც მყოლიაო.
ბავშვი მამის ასლია: სახის ნაკვთებით, თმისა და თვალების ფერით. მას დავით-თევდორე დავარქვი.
გული, რომელიც სცენაზე დარჩა
– 30 დეკემბერს რაჭაში არ უნდა წავსულიყავი, რადგან დათო თავად აპირებდა თბილისში ჩამოსვლას, ბავშვს 9 იანვარს ველოდებოდით. მერე გადაწყდა, სამთავრობო კონცერტი უნდა ჩაეტარებინა. დამირეკა და მითხრა, – ხომ იცი, ვერ ვუღალატებო. პასუხისმგებლობით გამორჩეული იყო, ზერელედ არაფერს ეკიდებოდა. ვიფიქრე, რადგან ის ვერ მოდის, მე წავალ რაჭაში, სახლიც მომენატრა და თან, რის წამოღებაც გვინდა, ყველაფერს თავად ჩავალაგებ-მეთქი. წარმოვიდგინე, ახალი წლის ღამეს ცეცხლს დავანთებდი, სუფრას გავაწყობდი და ჩვენ ამ დღესასწაულს ერთმანეთს მივულოცავდით, უკვე როგორც ბავშვის დედა და მამა. თბილისიდან 30-ში დილით წავედი. რიკოთზე ვიყავი, რომ დამირეკა. რაჭაში მოვდივარ-მეთქი. – რა ჯიგარი ხარ! ამ ახალ წელს მარტო არ დამტოვე და ჩემთან ერთად იქნებიო. ვიდრე ჩავიდოდი, რამდენჯერმე დამირეკა. უნდა დამხვედროდა, თოვლი იყო, ყინავდა. მერე დამირეკა, – არ გეწყინოს, რეპეტიციის გავლა მთხოვეს, ჩემი მეგობარი დაგხვდებაო. მეწყინა, მაგრამ არ შევიმჩნიე. სახლში რომ მივედი, მომინდა, კონცერტზე წავსულიყავი, მაგრამ გადავიფიქრე. დათო ხომ არ მელოდა და ოთახში თავის ტანსაცმელი უწესრიგოდ ჰქონდა მიყრილი. მე პედანტი ვარ. მომიბოდიშა, ოთახს არეულს გახვედრებო. სცენაზე გასვლამდე რამდენჯერმე დამირეკა, ბოლოს 8-ის ნახევარზე მესაუბრა, – ახლა გავდივარ და მალე მოვალო. არ ვიცი, იმ დღეს უამრავჯერ რატომ დამირეკა. დათოსთვის ძალიან კარგი ფეხსაცმელი მქონდა ნაყიდი. თავად მითხრა: გთხოვ, შენც თინეიჯერული რამ იყიდე, ბავშვი ისე გამოვიყვანოთო. რატომ არ წავედი, რატომ არ ვნახე და ის საჩუქარი რატომ არ წავუღე? – სულ სანანებლად მექნება.
9-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, დათო ცუდად არისო. ღამე იყო, ყინვა. ჯერ ვითხოვე, – იქნებ ვინმემ მანქანით მომაკითხოთ-მეთქი. მერე არავის აღარ დაველოდე, ჯოხი ავიღე და გზას ფეხით დავადექი. დედამთილი მეძახდა, არ წაიქცე, სად მიდიხარ, ნელა იარეო. ტრასაზე რომ გავედი, ერთმა მანქანამ არ გამიჩერა, მეორე მანქანას წინ გადავუდექი, მძღოლი გაგიჟდა, გინება დაიწყო. ავუხსენი, ასეთი მდგომარეობა მაქვს და ნუ ბრაზობთ-მეთქი. თურმე, დათუნიკას ამბავი ონელებს რომ გაუგიათ, იქიდანაც ჩამოსულან. საავადმყოფოში ბევრი ხალხი დამხვდა. ვიფიქრე, ცუდად რომ გახდა, მაყურებელიც გამოჰყვა-მეთქი. ვიკითხე, – აღარ არის-მეთქი? ყველამ სახე იბრუნა. საავადმყოფოში შევვარდი. ჯერ კიდევ თბილი იყო, მერე აღარაფერი მახსოვს. ის 5 დღე, რაჭის მთებს ახსოვთ ჩემი კივილი. ამ სიმწარეს დათუნიკას დედაც მოესწრო. დღეს ტირის და დადის ეზოში. მე დაკრძალვიდან მეორე დღეს წამოვედი თბილისში, რადგან ბავშვი სამშობიაროდან გამოსაყვანი იყო.
დათუნიკა და პატრიარქის გულუკა
– დათუნიკას თამადობა სპექტაკლი იყო, მას ყოველთვის სიმონიკა სხირტლაძეს ადარებდნენ (მისი შთამომავალი იყო). კახეთს თუ ადღეგრძელებდა, კახელი იყო! კოლხეთს თუ ადღეგრძელებდა, კოლხად გარდაიქმნებოდა… ზოგჯერ მინისტრები 15-წუთიანი რეგლამენტით მოდიოდნენ, მაგრამ დათოსთან სუფრაზე 3 საათი რჩებოდნენ. დათუნიკა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ბერი იყო. როცა რაჭაში პატრიარქი გვესტუმრა, დათუნიკა იყო მისი თამადა, მასპინძელი გახლდათ. უწმინდესის სადღეგრძელოც თავისებურად წარმოთქვა, – თქვენი გულუკას სადღეგრძელო მინდა დავლიოო. პატრიარქმა ამოხედა, გაუღიმა და, – გულუკას გაუმარჯოსო! მერე ცეკვაზე ესაუბრა. რა ლამაზი ცეკვა დაგიდგამს, ძილის წინ ვუყურებ ხოლმეო. დათუნიკამ ძალიან გაიხარა. პატრიარქი მოეფერა, – ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ქართველი ადამიანი ვიპოვეო და მისი მონაფერები ადგილი დიდხანს არ დაიბანა. პატარა ბავშვივით იყო: რომ აქებდნენ, წითლდებოდა და თავს ხრიდა. სიმღერის დროს ხმას ბოლომდე არ უწევდა, არ უნდოდა, გვერდით მდგომი დაეჩრდილა. შესანიშნავი მესტვირე იყო. შეიძლება, უკანასკნელი მესტვირეც კი. დათუნიკამ თავისი ცეკვით რაჭას გვირგვინი დაადგა. თავგანწირვამდე კეთილშობილი იყო, შეეძლო ადამიანისთვის სიცოცხლე დაეთმო. ძალიან ემოციური გახლდათ და სცენაზე ყოველი გასვლის წინ, წნევა უწევდა. ერთხელ კლინიკაში მკურნალობდა. იმ დროს ოპერაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად კონცერტი ტარდებოდა. მისი ჯგუფის წევრები მოვიდნენ და, – შენ თუ ვერ იცეკვებ, რა ვქნათო? აკრძალული ჰქონდა სცენაზე გასვლა, მაგრამ ექიმი კლინიკიდან რომ გავიდა, მითხრა, იმ ბავშვებისთვის მაინც უნდა ვიცეკვოო. ვიდეორგოლი ჰქონდა ნანახი, ბავშვები რომ ამბობდნენ: “მეც მინდა სიცოცხლე”. წამოდგა და წავიდა, უფალი არ მომკლავსო, მე წამლებით გავყევი. სცენაზე რომ დაინახეს, ექიმები გაგიჟდნენ. ვუსაყვედურე, – ასე რატომ გარისკე-მეთქი? – მერე რა, თუ მოვკვდებოდი, ჩემს სიცოცხლეს იმ ბავშვებს ვუძღვნიდიო.
იმ დღეს, 30 დეკემბერს, წნევა 300 ჰქონია, მაგრამ მაყურებელს არ უღალატა, ბოლომდე თქვა თავისი სათქმელი და მერე გული სცენაზე დატოვა.
http://gza.ambebi.ge