დეკანოზ გიორგის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის ირმა ჭკადუას განცხადებით, ფარულ ჩანაწერში, რომელიც პროკურატურას აქვს ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის გარდა 3 პირი მონაწილეობს.
“რაც მე ვნახე, იქ არის მძიმე საუბრები, შინაარსზე ვერაფერს გეტყვით. ასევე ვერაფერს დავადასტურებ ავთენტურობასთან დაკავშირებით. თუ კი გასაჯაროვდება ჩანაწერები, მერწმუნეთ კითხვები აღარ იქნება“, -ამბობს ადვოკატი.
ჭკადუას თქმით, ჩანაწერში მონაწილე კიდევ 3 პირიდან ჟურნალისტი არავინაა, თუმცა არიან თუ არა ისინი სასულიერო პირები, ამზე საუბრისგან ადვოკატი თავს იკავებს.
ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს. მამალაძე ამბობს, რომ მასალებში საუბარია პატრიარქის ან მისი გარემოცვის წევრის მკვლელობაზე. ხოლო, კონკრეტულად ვის ეხებოდა ეს გეგმა, მამალაძის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მისივე ცნობით, მას ციანიდის შოვნა მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი გერმანიაში მიემგზავრებოდა.