ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასთანაც მას უწევდა გამკლავება მინისტრობის პერიოდში და უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა ზურა აზარაშვილის მიერ, როდესაც ის იყო ჯანდაცვის მინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იყო სერიოზული პრობლემები, რაზეც ყურადღება გაამახვილა ზურაბ აზარაშვილმა.
„ის მუშაობდა ამ პრობლემების დაძლევაზე. რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა ამ ყველაფერზე. მე პრობლემები დავინახე სხვა მიმართულებით, რაც ვთქვი, ეს იყო პირველ რიგში, კომუნიკაციის პრობლემა, ამაზე გავამახვილე ყურადღება. რაც შეეხება ბრძოლას კარტელური გარიგებების, თუ მსგავსი პროცესების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისეთივე რეჟიმში და რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ეს პოლიტიკა, ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც არის დაწყებული. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ზურა აზარაშვილმა, როდესაც ის იყო ჯანდაცვის მინისტრი და მათ შორის იმ მიმართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაგრძელდება აქტიური მუშაობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჯანდაცვის სექტორი არის სწრაფად მზარდი სექტორი. რა თქმა უნდა, როდესაც სწრაფად იზრდება კონკრეტული სექტორი, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვა, იქ ჩნდება რისკებიც. მათ შორის კარტელური გარიგებების, არასწორი პროცესების რისკებიც იზრდება, ზრდასთან ერთად ასეთი რისკებიც მატულობს. რა თქმა უნდა, აქ მუდმივი ყურადღებაა საჭირო. კიდევე ერთხელ მადლობას გადავუხდი ზურაბ აზარაშვილს, მან ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ არასწორი მიმართულებით არ განვითარებულიყო ჯანდაცვის სექტორი ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ყურადღება მომავალშიც საჭიროა და შესაბამისად, ყურადღებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.