გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ კანონპროექტი რუსულია, სპეკულაციაა, რომელსაც საფუძველი არ აქვს.
„ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს – შეავსეთ დეკლარაცია იმასთან დაკავშირებით, რა თანხა მიიღეთ და რა პროგრამებში დახარჯეთ. აქ რუსული თემის შემოტანა სუფთა სპეკულაციაა, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.