პირდაპირ საუბრობს ევროპული სასამართლო, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის აღიარებული. აღინიშნა ისიც, რომ ნებისმიერი დარღვევა, რომელიც განგრძობად ხასიათს ატარებს, ამ განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, არის სისტემური ხასიათის მიუხედავად იმისა, თუ რა დოზით არის უშუალოდ თითოეულ ინციდენტში რუსეთი ჩართული, მთლიანად რუსეთის ფედერაციას მიეწერება ყველა ეს დარღვევა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოს გზით, მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღინიშნა, რომ ნებისმიერ გადაცდომაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება.
„რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მთელი ღირებულება არის ის, რომ შეიძლება ითქვას, სუვერენიტეტი განამტკიცა ამ გადაწყვეტილებამ და კიდევ უფრო მეტად ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. პირდაპირ საუბრობს ამაზე ევროპული სასამართლო, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის აღიარებული და დამატებით აღინიშნა ისიც, რომ ნებისმიერი დარღვევა, რომელიც ასეთ განგრძობად ხასიათს ატარებს, ამ განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, ეს არის სისტემური ხასიათის და მიუხედავად იმისა, თუ რა დოზით არის უშუალოდ თითოეულ ინციდენტში რუსეთი ჩართული, მთლიანად რუსეთის ფედერაციას მიეწერება ყველა ეს დარღვევა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მძლავრი სამართლებრივი დოკუმენტი იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში იქნება ძალიან კარგად გამოყენებული, რადგან განგრძობადი ოკუპაციის პირობებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თითოეულ ინციდენტზე ქართული მხარე მუდმივ რეჟიმში იყენებს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს და იქ ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია რუსეთის პოზიცია, თითქოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არის დამოუკიდებელი სახელმწიფოები და იქ თუ რამე ხდება რუსეთის პასუხისმგებლობა საერთოდ არ არის. ამ გადაწყვეტილებამ ძალიან მკაფიო პასუხი გასცა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, თუმცა უკვე სასამართლოს გზით, მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღინიშნა, რომ ნებისმიერ გადაცდომაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება და ჩვენ ყველა შესაბამის ფორუმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკაში კიდევ უფრო მეტად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.