აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
„ამ თავდასხმებს შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი გავლენა გლობალური ენერგეტიკული სიტუაციის თვალსაზრისით. უკრაინისთვის უფრო მომგებიანია ტაქტიკურ და ოპერატიულ სამიზნეებზე თავდასხმა, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს მიმდინარე ბრძოლაზე“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
2 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისაუბრა უკრაინის თავდასხმებზე რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მისი თქმით, ვაშინგტონი მხარს არ უჭერს კიევის მსგავს ქმედებებს.
30 მარტს, ამერიკულ გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის რეაქცია რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმაზე დადებითი არ იყო.