სამართალდამცველებმა ნაფარეულში მომხდარი მკვლელობა გახსნა.
თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, გ.ძ.-მ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 1989 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.ძ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – არარეგისტრირებული სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
