მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს უკვე ეწვია 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი. სტუმრებს შორისაა გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვიზბეკი, რომელიც საქართველოში გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ღონისძიების ჩატარებას აფასებს.
„საქართველოში პირველად ვარ, ჩემი ქვეყნიდან თქვენამდე საკმაოდ დიდი გზაა, მაგრამ ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენ გვაქვს უძველესი ისტორია, ორივე ქვეყანა ცნობილია კერძებით, ტრადიციებით, ეს ორივე მიმართულებას განსაკუთრებულს ხდის, ორივე ტურისტული ქვეყანა ავთენტურობით გამოირჩევა, რასაც მოგზაურები ეძებენ. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვეცნობი იმ გამოცდილებას, რომელიც თქვენს ქვეყანას აქვს. ასევე იმ მინისტრების, კოლეგების შეხედულებებს რომლებიც აქ შეიკრიბნენ. ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით აუცილებელია ტურიზმისთვის“,- განაცხადა გვატემალას ტურიზმის მინისტრმა.
27 სექტემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან. გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.
საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე.