ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელოს“ წინასაარჩევნო დაპირებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ხაზარაძე, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას ჰპირდება მოსახლეობას, პარალელურად, ქვეყანას მილიარდ ნახევარს ედავებოდა, რომელიც მთლიანი ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს.
როგორც კირცხალიამ განაცხადა, ხაზარაძემ საქართველოსთან დავა წააგო და თანხის გადახდაც დაეკისრა, მისი პოლიტიკური ძალის დაპირებებს კი საზოგადოება პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.
„ადამიანი, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას ჰპირდება და რომელიც ამ დროს, მილიარდ ნახევარს, ბიუჯეტის მეოთხედს ედავება ქვეყანას, იქ აგებს და აქეთ ეკისრება კიდევ 650 ათასი დოლარი გადასახდელად, აი ამ პოლიტიკურ ძალას და მის დაპირებებს, საზოგადოება ძალიან ხისტ პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.