“ცენტრ პოინტის” ბათუმის “მაგნოლიას” საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაცვის მხარის მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა დაცვის მხარის ადვოკატი ქეთი ჩომახაშვილი პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა. ამის გამო, შემდეგი სხდომა 13 აპრილს დაინიშნა, თუმცა გურამ რჩეულიშვილმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, სასამართლო პროცესები 2 კვირით გადაიდოს, რათა ციხიდან გამოსვლის შემდეგ დრო სჭირდება სიტუაციაში ბოლომდე გასარკვევად.
“2 კვირით ვითხოვ სხდომის გადადებას ორი მიზეზის გამო. პირველი, რომ მამაჩემი მართლა ძალიან ცუდადაა და მისახედი მყავს და მეორე, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უნდა ვიმუშაო და დრო მჭირდება. მოსამართლეს მივმართე, რომ ორი კვირა მომცეს. ჩემს ადვოკატს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ფეხმძიმედაა და საბუთიც აქვს შესაბამისი. ზეგ აუცილებლად იქნება ადვოკატი და ასევე იქნებიან მოწმეებიც”, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
ის სასამართლოში მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ერთად მივიდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებულებიც ესწრებოდნენ, რომლებიც პროცესის გადადების გამო უკმაყოფილო არიან.
