აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წინასწარ შეიწყალა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ მილი, ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპეციალური კომიტეტის წევრები, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეს იძიებდნენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, შეწყალების მთავარი მიზანი, რომელიც ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრეა მიღებული, არის აღნიშნული ადამიანების დაცვა არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკური დევნისგან.
შეწყალებულთა შორის არის „რესპუბლიკური“ პარტიის ყოფილი წევრი ლიზ ჩეინი, რომელზეც შურისძიების პირობა დადო ტრამპმა, – წერს CNN-ი.
„ჩვენი ქვეყანა დგას ერთგულ, უანგარო სახელმწიფო მოხელეებზე. ისინი ჩვენი დემოკრატიის სასიცოცხლო ძალას წარმოადგენენ“, – ნათქვამია ბაიდენის მიერ შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
„თუმცა, შეშფოთებას იწვევს ის, რომ სახელმწიფო მოხელეები მუდმივ მუქარასა და დაშინებას განიცდიან მათი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულების გამო“, – აღნიშნავს ბაიდენი.
ამასთან, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ შეწყალება არ ნიშნავს, რომ ისინი დამნაშავეები არიან.