რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი თბილისში სხვადასხვა ადგილზე გაკეთებულ ძალადობრივ წარწერებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ამ უმსგავსო საქციელისკენ აქეზებენ ადამიანებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს.
„ჩვენ ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ლიდერობის თავი. ისინი აქეზებენ ახალგაზრდებს, მოუწოდებენ ადამიანებს, რომ ასეთი ყოვლად დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი თვითონ მათთვისაც, ვინც ამას აკეთებს, დამაზიანებელი ქმედებებისკენ წაახალისონ. რა მიზანი აქვს ამას – ამას აქვს საზოგადოებაში შიშის დათესვის და ძალადობისკენ წაქეზების მიზანი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც ამ უმსგავსო საქციელისკენ აქეზებენ ადამიანებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ძალადობრივ წარწერებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეტრო-სადგურებსა და რამდენიმე ადგილზე გამოჩენილი ძალადობრივი შინაარსის წარწერები აქტივისტ ნიკოლოზ ლაცაბიძესა და გახარიას თანაპარტიელს, დათო ფუთურიძის სახელს უკავშირდება.