გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დამარცხება აღიარა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მან შედეგებს „მწარე“ უწოდა და მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა გადადგომის შესახებ არაფერი უთქვამს.
თავის გამოსვლაში, რომელიც პარტიის ბერლინის შტაბ-ბინაში გაიმართა, შოლცმა კონსერვატიული ბლოკის ლიდერს ფრიდრიხ მერცს გამარჯვება და ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატის მოპოვება მიულოცა.
შოლმცა აგრეთვე აღნიშნა, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) 20% მოპოვება არჩევნებში მასში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. „ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში მემარჯვენე პარტია, ისეთი, როგორიცაა AfD, ასეთ შედეგებს იღებს, არის ის, რასაც ჩვენ ვერასდროს შევეგუებით“, – თქვა შოლცმა.
ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის ფედერალური ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში ხმათა 28% იმარჯვებს კონსერვატორთა ბლოკი ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით. მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადის ხმათა 20,8%. შოლცის პარტიამ ხმათა 16,4% მესამე ადგილი დაიკავა.