რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამე უკრაინის ხარკოვის ოლქში მდებარე ენერგოსისტემის ობიექტები დაბომბა. ინფორმაციას საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
„უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალები მოგერიების გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. ყველა პროფილური უწყება შედეგების ლიკვიდაციას ებრძვის“, – დაწერა მან.
სინეგუბოვმა რეგიონის მოსახლეობას მოუწოდა დაბომბილი ობიექტების შესახებ ინფორმაცია, სურათები ან ვიდეომასალა, არ გაავრცელოს, რათა მტერი ინფორმირებული არ იყოს. მისი თქმით, საჰაერო იერიშში სულ მცირე 12 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა.
ხარკოვის ოლქის პოლიცია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ რუსეთმა ქალაქ ხარკოვის შემოგარენი დაბომბა. დაბომბვის შედეგად სამი საკუთარი სახლი დაზიანდა. სამედიცინო დახმარება ორ ადამიანს დასჭირდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.