რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტიდან პირველ ავიარეისებს სანქცირებული ავიაკომპანიები შეასრულებენ. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შეტყობინებიდან ირკვევა, სოხუმის აეროპორტიდან დაგეგმილ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
უწყების ცნობით, 3 მაისს დაგეგმილია პირველი ფრენა, რომელსაც UVT AERO შეასრულებს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან, ხოლო 6 მაისიდან ფრენებს დაიწყებს ავიაკომპანია Ikar-ი ნიჟინი ნოვგოროდიდან.
მანამდე ასევე გავრცელდა ცნობა, რომ „როსავიაციამ“ სოხუმის აეროპორტში ფრენების ნებართვა გასცა ავიაკომპანია iFly-სა და Nordstar-ზეც. თუმცა როდიდან დაიწყებენ ეს კომპანიები რეისების შესრულებას, ჯერ უცნობია.
ამასთან, ოთხივე ამ ავიაკომპანიის წინააღმდეგ დაწესებულია სანქციები და ევროკავშირის ქვეყნებში ფრენების შესრულება აკრძალული აქვთ.
მანამდე საქართველოს საავიაციო სამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაცია უკანონოა, ხოლო ნებისმიერი ავიაკომპანია, რომელიც ამ აეროპორტიდან ფრენებს დაიწყებს, დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სადამფუძნებლო ჩიკაგოს კონვენციის პრინციპებს.