გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის ინფორმაციით, ქრომი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვემეხებისა და საარტილერიო ჭურვების წარმოებისთვის, რუსეთს გერმანიაში არსებული ფირმის მეშვეობით მიეწოდება. მათივე ცნობით, ეს კომპანია EKC-ა, რომელიც ფრანკონიის რეგიონში მდებარეობს.
ქრომს საარტილერიო სისტემებისა და საბრძოლო ტექნიკის წარმოებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – ის იცავს ქვემეხების ლულებს სწრაფი ცვეთისგან და, ასევე, ამცირებს ჭურვების კოროზიის რისკს. გერმანული სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქრომის გამოყენება არტილერიის რესურსს სამჯერ ზრდის.
Handelsblatt-ი გერმანიის ექსპორტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის აპრილამდე, EKC-მ რუსეთში 24,2 მილიონი ევროს ღირებულების ქრომი შეიტანა, ეს კი რუსეთში ქრომის საერთო იმპორტის ნახევარს შეადგენს, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს გერმანული კომპანია რუსეთის სამხედრო წარმოებაში.
2025 წლის 24 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ EKC შეიყვანა სანქცირებულ კომპანიათა სიაში. EKC-ის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ევგენი პოროხნიამ, ბრიტანეთის გადაწყვეტილება უსამართლოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ კომპანია საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს ემორჩილება. მისი თქმით, EKC გეგმავს, აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლებრივად გაასაჩივროს.