სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე გასულ პერიოდში არსებულ პრობლემებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობდა, მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
„ჩვენი ვიზიტი ჯერ ახალი დაწყებულია. გვქონდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საინტერესო შეხვედრები, ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ კოლეგებთან ერთად, ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან ერთად. ჩვენ შევეხეთ დაფინანსების პერსპექტივებს საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტად მოდიოდეს საერთაშორისო დაფინანსებები მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასევე საინტერესოა ამერიკაში ყოფნის დროს, რომ ახალ ადმინისტრაციასთან გვქონდეს მჭიდრო დიალოგი. ამიტომ, პარალელურად გვაქვს ორმხრივი შეხვედრები ძირითად კოლეგა უწყებებთან, მაგრამ ეს შეხვედრები დავიწყეთ სახელმწიფო დეპარტამენტით, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით ჩვენ გვქონდეს საკმაოდ მკაფიო პოზიციები იმისთვის, რათა ეს იყოს მნიშვნელოვანი წინაპირობა სხვა მხრივ თანამშრომლობის კუთხით. მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით. ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს.
რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხეთ ასევე გასულ პერიოდში არსებულ პრობლემებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობდა, მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის და საქართველოს პოზიციები სრულ თანხვედრაშია. ჩვენი ინტერესია და მიზანია, რომ ავაწყოთ თანამშრომლობა პოზიტიურ დღის წესრიგზე. ვნახოთ ისეთი მიმართულებები, სადაც ორივე ქვეყნისთვის იქნება ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა და ზუსტად ეს მიმართულებები გადავთარგმნოთ უკვე კონკრეტულ სამოქმედო გეგმებში. ამაზე იყო სრული მხარდაჭერა. მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტში იმიტომ, რომ ეს არის ხედვა, ზოგადად პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის და რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტიც ამ ხედვის განხორციელების მომხრეა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეხეთ სამომავლო ურთიერთობის კუთხით მიმართულებებს, ძალიან ბევრი მიმართულება დაიფარა და შემდგომში, რა თქმა უნდა, დიალოგი გაგრძელდა უკვე კონკრეტულ შესაბამის უწყებებში. ეს არის ვაჭრობის სამინისტრო, ეს არის ფინანსთა სამინისტრო. შეხვედრები გვექნება სავაჭრო წარმომადგენლებთან ამერიკის. ასევე ჩვენ გავაგრძელებთ თეთრ სახლში და შემდეგი ორი დღის განმავლობაში გვექნება ადმინისტრაციის ბევრს წარმომადგენელთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, შეხვედრები. ბევრ საკითხს დავფარავთ, თუმცა ერთი რამ გასათვალისწინებელია, რომ ეს არის ახალი ადმინისტრაცია. ჯერ სამი თვე არ არის, რაც თეთრ სახლში შევიდა ახალი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ ჩამოყალიბების პროცესშია. მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. ეს იყო აღნიშნული ყველა ეტაპზე და ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრ სახელმწიფო უწყებაში ჯერ კიდევ დანიშვნის პროცესში არიან უმაღლესი თანამდებობის პირები“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.