პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მაყვალა გონაშვილს მიმართა. დეპუტატმა პოეტს მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი ბრძოლისთვის და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა კომისიის მუშაობისა და მოსმენილი ისტორიების ერთგვარი შეჯამებაა.
„ნაცრეჟიმის მმართველობის პერიოდში მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში პროპაგანდა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მოძველებულია სიტყვა სამშობლო და ეს სიტყვა უნდა ამოიძირკვოსო. ჟურნალისტები, მწერლები, პოლიტიკოსები, რეჟიმი და მისი მსახურები თვით სიტყვა “სამშობლოსაც” კი უცხადებდნენ ბრძოლას და ეს ბრძოლა გააგრძელეს 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგაც,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ტერმინი “უსამშობლო” ზუსტად ასახავს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის და მისი მსახურების არსს.
„კომისიას, ვადის მიხედვით, ჯერ კიდევ ბევრი დარჩა სამუშაო, მაგრამ ბატონმა გურამ მაჭარაშვილმა სწორად თქვა – თქვენი გამოსვლა იყო შემაჯამებელი, ერთგვარი კვინტესენცია კომისიის მუშაობის. ზუსტად ბრძანეთ, რომ უცბად შეიძლება სახელი ვერ დაარქვა რაღაც სიტუაციას, ბოლომდე ვერ გაიაზრო რა ხდება, მაგრამ გრძნობ, რომ რაღაც არასწორად ხდება, ცუდი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა და დროთა განმავლობაში ხდება ამის გააზრება. დროთა განმავლობაში დაერქვა ნაცმოძრაობის რეჟიმს და მის წევრებს ზუსტი სახელი – უსამშობლოები. ეს ტერმინი, რომელიც დამკვიდრდა, არის ყველაზე ზუსტი სიტყვა, რომელიც მათ არსს ბოლომდე გამოხატავს და შემთხვევითი არ იყო, რომ ისინი თვით სიტყვა სამშობლოსაც კი ებრძოდნენ.
კარგად გვახსოვს ყველას, ტელევიზიებში პროპაგანდა – გამოსვლები იმასთან დაკავშირებით, როგორი მოძველებულია სიტყვა სამშობლო და ეს სიტყვა უნდა ამოიძირკვოსო. ჟურნალისტები, მწერლები, პოლიტიკოსები, რეჟიმი და მისი მსახურები სიტყვა სამშობლოს უცხადებდნენ ბრძოლას და ეს არ იყო მარტო ნაცების მმართველობის პერიოდში, ჩვენს დროშიც კი გრძელდებოდა ეს ბრძოლა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხშირად იხსენებდა ხოლმე, რომ ჩვენი კოალიციის ზოგიერთი მაშინდელი წევრიც კი, ჩვენი გუნდის მაშინდელი წევრები, შიდა კამათებში იგივეს ამტკიცებდნენ – რა დროს სამშობლოა, ჩვენ სახელმწიფოზე უნდა ვისაუბროთო, სახელმწიფო უფრო დიადიაო. სახელმწიფო საბჭოთა კავშირი რომ იყო, ისეთი უნდოდა, მაგრამ ჩვენ სამშობლოდ საქართველო მიგვაჩნდა და არა ის უზარმაზარი ქვეყანა, რომელიც დედამიწის 1/6-ზე იყო გადაჭიმული. ეს ტერმინი – უსამშობლო ყველაზე კარგად გამოხატავს ნაცმოძრაობის რეჟიმის და მათი მსახურების არსს. თქვენი გამოსვლა იყო შეჯამება იმისა, თუ რას წარმოადგენდა ის დანაშაულებრივი რეჟიმი. მადლობა დღევანდელი გამოსვლისთვის და ყველაფრისთვის, რისთვისაც გიბრძოლიათ ამ წლების განმავლობაში,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.