„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) ლიდერს, 76 წლის აბდულა ოჯალანს, რომელიც დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შესაქმნელად იბრძოდა და ოფიციალურ ანკარასთან შეიარაღებულ დაპირისპირებას დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა, მეოთხედი საუკუნე ციხეში აქვს გატარებული.
თუმცა, ვითარება მიმდინარე წლის თებერვლიდან შეიცვალა, როდესაც ოჯალანი სამშვიდობო მოწოდებით გამოვიდა და PKK-ს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
„ქურთისტანის მუშათა პარტია“ თავისი ლიდერის მოწოდებას 12 მაისს გამოეხმაურა. PKK-ს განცხადებით, პარტიის მე-12 კონგრესმა, რომელიც 5-7 მაისს გაიმართა, ოჯალანის მოწოდების შესაბამისად, ორგანიზაციის დაშლის და შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ოჯალანი არის ფიგურა, რომელსაც პატივს სცემს პროქურთული პოლიტიკური მოძრაობა, მაგრამ სძულს თურქების უმეტესობას, რადგან 1984 წელს კონფლიქტის დაწყებაში სწორედ მას ადანაშაულებენ. ოჯალანის მხრიდან სამშვიდობო მოწოდებას წინ უძღვოდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ნაციონალისტ დევლეთ ბაჰჩელის ოთხთვიანი შუამავლობა, პროქურთული „სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიის“ (DEM) მეშვეობით.
როგორც ერდოღანმა, ისე ოპოზიციურმა პროქურთულმა DEM-მა მხარი დაუჭირეს კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართულ მოწოდებას. ამ კონფლიქტმა 40 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქებსა და სოფლებს დიდი ტრაგედია დაატრიალა.
„იარაღის დაყრისკენ მოგიწოდებთ და ამ მოწოდებაზე ისტორიულ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“, – ნათქვამია ოჯალანმა წერილში, რომელიც თებერვალში DEM-ის წევრებმა ციხეში მასთან სტუმრობის შემდეგ გაავრცელეს.
იმ დროს გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს გაჭაღარავებული ოჯალანი, რომელიც მაგიდის ცენტრში ზის, ხელში თავისი წერილობითი განცხადება უჭირავს და DEM-ის წარმომადგენლებით არის გარშემორტყმული.
ოჯალანი თურქეთის სპეცრაზმმა 1999 წელს კენიაში შეიპყრო.
პატიმრობის მიუხედავად, მან შეინარჩუნა მნიშვნელოვანი გავლენა და სიმბოლური ძალაუფლება PKK-ზე, რომლის მებრძოლები, ძირითადად, მეზობელი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, მთებში იმყოფებიან.
ოჯალანის ციხიდან გათავისუფლების იდეა გასული წლის ოქტომბერში ბაჰჩელიმ გააჟღერა, რამაც ქვეყანაში შოკი გამოიწვია. ბაჰჩელის თქმით, ქურთი ლიდერის გათავისუფლება იმ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო, თუ მოახეხებდა PKK-ს ლიდერის დარწმუნებას, რომ ბრძოლის შეწყვეტის გარდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
მტკივნეული ბრძოლა
ოჯალანი საკმაოდ თვალსაჩინო ფიგურა იყო თურქეთის სახელმწიფოსა და PKK-ს მებრძოლებს შორის 2013-2015 წლებში მიმდინარე სამშვიდობო პროცესის დროს. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ერდოღანი ოჯალანს ქურთებთან ბრძოლის დასრულების საქმეში „გასაღებად“ მიიჩნევდა.
ციხეში ყოფნისას, ოჯალანმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. თურქულ მედიაში მაშინ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ის მომღიმარი და ჭაღარაა, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა მისი ადრინდელი ფოტოებისგან, სადაც ის სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი და ხელში შაშხანა უჭირავს.
მაგრამ 2015 წლის შუა პერიოდში სამშვიდობო პროცესი ჩაიშალა და კონფლიქტი ყველაზე სისხლიან ფაზაში შევიდა, რომლის ეპიცენტრსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ურბანულ რეგიონები წარმოადგენდა.
ბოლო წლებში კონფლიქტმა, ძირითადად, ჩრდილოეთ ერაყში გადაინაცვლა, სადაც PKK-ს ბაზა მდებარეობს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის სოფელ ომერლიში გლეხის ოჯახში დაბადებული ოჯალანის პოლიტიკური მსოფლმხედველობა XX საუკუნის 70-იან წლებში მემარცხენე და მემარჯვენე უკანონო შეიარაღებულ ორგანიზაციებს შორის ქუჩის სასტიკი ბრძოლების ფონზე ჩამოყალიბდა.
1978 წელს ოჯალანი თურქ მემარცხენეებს გამოეყო, PKK დაარსა და ანკარის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლის მიტოვების შემდეგ, პირობა დადო, რომ ქურთისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძოლებდა. PKK, რომელიც თურქეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ოჯალანის ხელმძღვანელობით სირიიდან მოქმედებდა, ვიდრე თურქეთი დამასკოს ომით არ დაემუქრა და 1998 წელს ქვეყნიდან მისი გაძევება არ აიძულა.
ოჯალანი 1999 წელს კენიის დედაქალაქ ნაირობიში დააპატიმრეს და, თურქეთის კომანდოსების დაცვის ქვეშ, ანკარაში გადააფრინეს, სადაც მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მოგვიანებით, ოჯალანს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს და მას შემდეგ ციხეში რჩება.