ავსტრია რუსეთში აძევებს ჩეჩნებს, რომლებიც მოსკოვმა, შესაძლოა, უკრაინის წინააღდეგ ომში მონაწილეობისთვის გამოიყენოს
ავსტრია, უსაფრთხოების მოტივიდან გამომდინარე, ჩეჩენი ეროვნების თავშესაფრის მაძიებლებს რუსეთში აძევებს, სადაც მათ უკრაინის ომში საბრძოლველად იძულებითი გაწვევის საფრთხე ემუქრებათ. ეს ინფორმაცია სააგენტო „ფრანს პრესმა“ სასამართლო დოკუმენტებში მოიძია. ავსტრიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი „სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის“ საფრთხეს წარმოადგენენ, უფლებადამცველი ჯგუფები კი მიიჩნევენ, რომ მათი დეპორტაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. „ემნისტი ინტერნეიშენელმა“ არაერთხელ მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, შეაჩერონ მუსლიმებით დასახლებული რუსეთის რეგიონებიდან შემოსული თავშესაფრის მაძიებლებისა და ლტოლვილების გაძევება და მიუთითა, რომ ეს „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების დაღვევაა“. თავად ჩეჩენი ემიგრანტები ამბობენ, რომ მათ სახელს რელიგიურ ექსტრემიზმს უსამართლოდ უკავშირებენ.
ავსტრიამ წელს ქვეყნიდან ორი ჩეჩენი გააძევა, რომლებიც თავშესაფარს მას შემდეგ ითხოვდნენ, რაც რუსეთის სამხედრო უწყებიდან არიაში გაწვევის უწყება მიიღეს. ოფიციალური ვენის მტკიცებით, მათ ჯარში გაწვევის „რეალური“ საფრთხე არ ემუქრებოდათ, რადგან ორივე განმცხადებელი არმიაში სამსახურისთვის ძალიან ხანდაზმულია და ჯარში გაწვევა მხოლოდ 18-30 წლამდე რუს მამაკაცებს ეხებათ. ამ პოზიციას უფლებადამცველი ჯგუფები არ ეთანხმებიან. ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ „მათ შეუძლიათ, თავი აარიდონ მობილიზაციას, თუ.. მოსკოვში დასახლდებიან“.
„ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის შესახებ საპოლიციო გამოძიების შედეგებზე“ დაყრდნობით, ავსტრიის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ჩეჩნები „უდავოდ შეუქმნიან საფრთხეს ეროვნულ უსაფრთხოებას“, თუ ისინი ავსტრიის ტერიტორიაზე დარჩებიან. თუმცა, ამ საფრთხის დეტალებზე ოფიციალური ვენა არ საუბრობს.
„ჩუმი თანხმობა“
მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და რუსეთს შორის კომერციული ფრენები მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების გამო შეწყდა, თვითმფრინავით დეპორტაცია სერბეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ხორციელდება. ავსტრია არ აქვეყნებს დეტალურ სტატისტიკას ჩეჩენი ეროვნების პირების გაძევების შესახებ, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები არიან. ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ფრანს პრესის“ მიერ ამ თემაზე დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ავსტრია მოსკოვთან აღარ თანამშრომლობს, რუსეთის მხრიდან სადეპორტაციო შეტყობინებებზე პასუხის არქონა ჩუმ თანხმობად აღიქმება“, – ნათქვამია სასამართლო დოკუმენტებში. „ბევრი ავსტრიელისთვის ჩეჩენი ავტომატურად ტერორისტს ნიშნავს“, – დაიჩივლა ვენაში მცხოვრებმა ჩეჩენმა აქტივისტმა, როზა დუნაევამ.
მისი თქმით, ჩეჩნები ასევე იმიტომ ხდებიან სამიზნე, რომ მათ იშვიათად აქვთ ადვოკატის დაქირავების საშუალება, რათა თავი დაიცვან“. დუნაევას მტკიცებით, „მთელ ევროპაში კარგად იციან, რომ დეპორტირებულები, თუ მათი ოჯახები დიდ თანხას არ გადაიხდიან, შეიძლება უკრაინაში საბრძოლველად გადაიბირონ და ამ შემთხევაში, მნიშვნელობა არა აქვს, ჩეჩენი ეროვნების პირი 18 წლის არის თუ 60-ის“. 2006 წელს ევროკავშირმა რუსეთთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც დანაშაულში ეჭვმიტანილების დაბრუნების პროცედურას ამარტივებს. მოსკოვის უკრაინაში შეჭრის მიმართ ბრიუსელის პროტესტის მიუხედავად, ეს შეთანხმება ავსტრიას ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია. 2020 წელს საფრანგეთში ჩეჩენი ლტოლვილის მიერ მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ, ავსტრიამ, ჩეჩნური თემის მონიტორინგისთვის, სპეციალური საპოლიციო ქვედანაყოფი შექმნა.
ავსტრიიდან ჩეჩნების ექსტრადირების პროცედურები კი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც 2020 წელს ამ ქვეყანაში ჯიჰადისტების პირველი თავდასხმა განხორციელდა.
„რეკრუტირების რისკი“
2024 წელს „ემნისტი ინტერნეიშენელმა“ მოუწოდა ევროპას, „შეიარაღებულ ძალებში მობილიზაციის ახალი საფრთხის“ გამო, შეეწყვიტა ადამიანების დეპორტირება ჩრდილოეთ კავკასიის ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა ჩეჩნეთი. „ჩეჩნეთში ადამიანების სამართლებრივი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ოჯახებს ამ საქმეების გასაჯაროებაც კი ეშინიათ“, – განუცხადა „ფრანს პრესს“ რუსეთში „ემნისტი ინტერნეიშენელის“ წარმომადგელმა, ნატალია პრილუცკაიამ. „რუსეთში დაბრუნებულებისთვის უსაფრთხო ადგილი არსად არის“, – აღნიშნა მან. მობილიზაცია ეხება 70 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცს, რომლებიც რეზერვში ირიცხებიან. 2022 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საფრანგეთი ჩეჩნების რუსეთში დეპორტაციისთვის დაგმო და ეს ევროპული კონვენციის მესამე მუხლის საფუძველზე გააკეთა, რომელიც წამების აკრძალვას შეეხება.
„ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაცვაზე უარის თქმა არ შეიძლება საჯარო საფრთხის შემთხვევაშიც კი, ან „ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის გამო“, -ნათქვამია სასამართლო დოკუმენტში. ევროპაში ამჟამად დაახლოებით 250ათასი ჩეჩენი დევნილი ცხოვრობს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 9,2-მილიონიანი ავსტრია 30 000-დან 40 000-მდე ჩეჩენი ეროვნების წარმომადგენლის ნავსაყუდელია: ეს, ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, ჩეჩნური დიასპორის ყველაზე დიდი საზოგადოებაა ევროპაში. ჩრდილოეთ კავკასიის პატარა რესპუბლიკა 1990-იანი წლებიდან მიმდინარე ომებმა გაანადგურა და ახლა მას კრემლის ერთგული, რამზან კადიროვი აკონტროლებს, რომელიც მთელ ოპოზიციას სასტიკად უსწორდება.