გიგა ბოკერიას, სიმონ ჯანაშიას, ლევან რამიშვილის, თეა თუთბერიძის, გიორგი კანდელაკის, ჩიორა თაქთაქიშვილის, როლთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა, კარი ღიაა, ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას, – ამის შესახებ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ადამიანებმა თავიანთი ცუდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტთან ბრძოლაში.
„დღეს გავესაუბრეთ აკადემიკოს ლია მელიქიშვილს, რომელიც მობრძანდა ჩვენთან უნივერსიტეტის წინააღმდეგ წარმართული ბრძოლის თაობაზე, კონკრეტულად კი მეცნიერ თამარ კეკელიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სასაუბროდ. კიდევ ერთხელ მინდა, ლია მელიქიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო და პატივისცემა დავუდასტურო. მინდა, მადლობა ვუთხრა მობრძანებისა და ფაქტების მოწოდებისთვის გიორგი გოგოლაშვილს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ღვაწლმოსილ მეცნიერსა და მებრძოლს. დიდი მადლლობა აკადემიკოს ავთანდილ არაბულს, ენათმეცნიერს უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მოწოდებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამ საათში მხოლოდ მცირე დოზით მივიღეთ ინფორმაცია იმ დიდ უბედურებაზე, რაც უნივერსიტეტის თავს და, ზოგადად, მეცნიერების, ქართველიზმის თუ ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ დატრიალდა, დარწმუნებული ვარ და ამის მჯერა, რომ მცირე დოზით მოწოდებული ინფორმაციაც ზოგიერთ მაშინდელ ამ ყველაფრის ავტორსა თუ მონაწილეს შორის გარკვეულ ჟივილს, ჟივჟივსა და ხმაურს გამოიწვევს.
იმ გვარ-სახელებმა, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ამაში მონაწილეობდა, თავიანთი ცუდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტთან ბრძოლაში. იქნებოდა ეს გიგა ბოკერია, სიმონ ჯანაშია, ლევან რამიშვილი; აქ ნახსენები იყო ვინმე ავალიანი, რომელიც შემდეგ უცბად გუბერნატორად იქცა, თეა თუთბერიძე, გიორგი კანდელაკი, „კმარა“ და არა მხოლოდ „კმარას“ ორგანიზაციის ხალხი, გიორგი ონიანი, რომელიც შემდეგ ისეთ პოლიციელად იქცა, რომ ჯერ ღვაწლმოსილ ადამიანებს გატერორებდათ და შემდეგ ზონდერად იყო ჩამოყალიბებული. მე რომ კენჭს ვიყრიდი ნაძალადეის რაიონში მაჟორიტარად, იქ დაგვსდევდა, რათა ან ნარკოტიკი ჩაედო, ან იარაღი. ისე დაასრულა თავისი საქმე, რომ ვერ ჩამოყალიბდა, ჩემთვის ნარკოტიკი უნდა ჩაედო, თუ იარაღი და ეს დილემა მის ცხოვრებას მუდმივად გაჰყვება თან; ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც შემდეგ უკვე დეპუტატად იქცა, რეფორმებს პავლე კუბლაშვილის მოადგილეობიდან ახორციელებდა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში.
თუ რამე იყო შესაცვლელი, გასაუმჯობესებელი, თავადაც ბრძანეთ, რომ უნივერსიტეტი უარს არ ამბობდა და საჭირო იყო პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი, მუშაობაო, რაც გაცილებით რთულია, ვიდრე შევარდი, გამოყარე, გაყარე. ეს გაცილებით მარტივი იყო სააკაშვილისთვის და ასეც იქცეოდა. ამ გვარ-სახელებთან და მათ როლთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა, რადგან ჩვენი მიზანია, იმ ადამიანებს, რომლებიც აწამებდნენ, ანადგურებდნენ და აზიანებდნენ ქვეყანას, არ ჰქონდეთ მობრუნების თავისუფლება. ამიტომ, გვარ-სახელები მნიშვნელოვანია. ასევე, მათ თუ აქვთ სურვილი, რომ მობრძანდნენ, აქ დაბრძანდნენ იმ მოკლე დროში, რაც დაგვრჩა, ჩვენი კარი ღიაა, ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას. გასაგებია, რომ ჩვენ რომ ვიბარებთ, იმალებიან. ალბათ მარტივია, ქალ ან კაც მეცნიერს დაეტაკო, გამოაძევო რექტორის კაბინეტიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, აქ მოსვლა გაცილებით რთულია და მამაცობას საჭიროებს. ჩვენი კარი ღიაა. გვარებს და სახელებს, რომლებიც ჩამოვთვალე, ვიდრე დავიბარებთ, შეუძლიათ, თავადაც მობრძანდნენ და მომდევნო ნებისმიერ სხდომაზე მათ მოვუსმენთ, თუ ზოგიერთი მათგანი უკვე არ არის ქვეყნიდან გაქცეული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.