თეთრი სახლი სენატზე ფარულად ახდენს ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს სენატორი ლინდსი გრემი დაარწმუნოს, რომ მნიშვნელოვნად შეასუსტოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი.
კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი დებულება, რომელსაც 80-ზე მეტი სენატორი უჭერს მხარს, არის სანქციების დაწესება რუსეთის ოფიციალურ პირებსა და სექტორებზე, ასევე ჯარიმები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვთან აწარმოებენ ბიზნესს.
პრეზიდენტი ტრამპი შიშობს, რომ ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მის მიზანს, აღადგინოს ურთიერთობები აშშ-სა და რუსეთს შორის, მაშინაც კი, როდესაც ის უკრაინაში ომის დასრულებას ცდილობს.
ბოლო კვირების განმავლობაში, თეთრი სახლისა და ადმინისტრაციის სხვა ოფიციალური პირები ფარულად დაუკავშირდნენ სენატორ გრემის ოფისს და მოუწოდეს მას შეერბილებინა კანონპროექტი, კერძოდ, ჩაესვა გამონაკლისები, რაც ტრამპს საშუალებას მისცემდა, აერჩია, თუ ვინ ან რა უნდა დაექვემდებაროს სანქციებს.